ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას და მესამე სექტორს: არ ვაპირებთ, გაგიტაროთ თქვენი არცერთი ამორალური გამოხტომა

“ქართული ოცნება” მესამე სექტორსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავს ესხმის – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს “ფაშისტებად და ბოლშევიკებად” აცხადებს.

მაჭავარიანი საგანგებო ბრიფინგიდან ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ივანიშვილის გუნდის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების დაშინებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “რადიკალური ოპოზიცია მდიდარ ენჯეოებთან ერთად რევოლუციური გეგმების განხორციელებას უშედეგოდ ცდილობდა“.

არ ვაპირებთ, გაგიტაროთ თქვენი არცერთი ამორალური გამოხტომა” – ამბობს მაჭავარიანი და იქვე დასძენს, რომ მმართველ პარტია ყველა “ბინძურ ზემოქმედებას” მკაცრად უპასუხებს.

ბოლო დღეების განმავლობაში, სიმართლესთან და ქართველ ხალხთან სასტიკი დამარცხებით აგონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მდიდარ ენჯეოებთან ერთად ბოლშევიკურ და ფაშისტურ მეთოდებზე გადავიდა. მიდიან სახლებთან, ოჯახებში. ცდილობენ დეპუტატების ოჯახის წევრების დაბულინგებას, რაშიც ასევე ჩართულები არიან მათი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. აკეთებენ წარწერებს, ემუქრებიან შვილებს, ოჯახის წევრებს. ისინი ცდილობენ არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, არამედ “ქართული ოცნების” ამომრჩევლები დააბულინგონ. ამ ყველაფერმა უკიდურესად ამორალური სახე მიიღო. როგორი უსუსურიც იყო მათი მცდელობა, აერიათ ქვეყანა, განეხორციელებინათ რევოლუციური გეგმები, ისეთივე უსუსურია მათი ფაშისტური კამპანია…

არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არცერთი ამორალური გამოხტომა. კარგად იცოდეთ, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდაჭერებზე ბინძურ ზემოქმედებას, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც”, – ამბობს ლევან მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!