“ქმარს გადავაბარე ბავშვი და მე მივდი-მოვდივარ წინ და უკან” – ნუკი კოშკელიშვილის ინტერვიუ პირად საკითხებზე – Marao

პროექტ „ნიჭიერის“ ახალი სეზონის წამყვანები ნუკი კოშკელიშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი არიან. როგორც ნუკი გვეუბნება, წინ სასწაული შოუ გველოდება, რომლის მსგავსიც ჯერ არ გვინახავს, ანუ ნამდვილ ნიჭიერთა აღლუმს ვიხილავთ. ფაქტია, ინტერესი დიდია. მანამდე კი, სანამ მის სანახავად ტელეეკრანს მივუსხდებით, ნუკის გამოვკითხეთ როგორც შოუს, ასევე პირადი ამბები.
ნუკი კოშკელიშვილი: ამერიკაში ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, პროექტ „ნიჭიერს“ ვაკეთებთ, შემოთავაზება გვაქვს, გვინდა წამყვანი იყო და ჩვენთან ერთად თუ იქნებიო. რა თქმა უნდა, თუ ვიქნები კი არა, სიხარულით გადავირიე. თან, მითხრეს, რომ წელს იქნება განსაკუთრებული ექსპერიმენტი, რომელიც ჯერ მსოფლიოში არსად ყოფილა – პირველად, საქართველოში იქნება ორი ქალი წამყვანი. ეს ჩემთვის იმდენად საინტერესო იყო, რომ უარს ვიტყოდი კი არა, ვოცნებობდი, ნეტა მეც ვიყო წამყვანი-მეთქი. ადრე მიმყავდა „ნიჭიერი“ და ის დრო ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს. თითქოს ყველაფერი ნანახი მაქვს და ვამბობდი, რაღამ უნდა გამაკვირვოს-მეთქი, მაგრამ წელს რომ ჩამოვედი და მონაწილეებს გადავხედე, თამამად გეტყვით, ჯერ ასეთი კონკურსანტები არ ყოფილან. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ამდენი საოცრად ნიჭიერი ადამიანი. გეფიცებით, პირი დავაღე და მას მერე გავიდა სამი კვირა და პირი ჯერ არ დამიხურავს (იცინის).
– როგორც ვიცი, პროექტი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და შენმა მეუღლემ, ბენიმ არ გააპროტესტა ამ ხნის განმავლობაში, შენგან შორს ყოფნა?
– იცის ბენიმ, ჩემთვის რას ნიშნავს ეს პროექტი, ჩემი სულის ნაწილი რომაა და ძალიან რომ მიყვარს და არც განხილულა ჩემი არ წამოსვლა. როგორც კი დამირეკეს, ეგრევე ჩავალაგე ბარგი და გავემზადე. ბენის მადლობელი ვარ, ასე რომ მეხმარება. რაც შეეხება სიშორეს, ახლახან ჩამოვედი, ორ დღეში ამერიკაში მივდივარ, მერე ისევ ჩამოვდივარ და მალევე მივდივარ და ისევ უნდა დავბრუნდე. ისე მივდი-მოვდივარ „ნიჭიერი“ – ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი – „ნიჭიერი“, გეგონება ავტობუსით ვმგზავრობ. ფაქტობრივად, ორ დღეში ერთხელ თვითმფრინავში ვარ (იცინის). ასე რომ, ბენის დიდხანს არ ვტოვებ. თან ბავშვი მამასთან რჩება და არ მეგონა, ეს უძიძოდ გაზრდილი შვილი, რომელიც სულ ჩემთან იყო ჩახუტებული, მარტო მამასთან თუ გაჩერდებოდა. მგონი, ყელში ამოვუვედი, სულ დედაჩემს ვხედავ და ცოტა ხანი მაცადეთ მამიკოსთან ყოფნაო (იცინის). გადასარევად ერთობიან ერთად, თამაშობენ ფეხბურთს სეირნობენ, აკეთებენ საშინაო დავალებებს. მოკლედ, ქმარს გადავაბარე ბავშვი და მე მივდი-მოვდივარ წინ და უკან.
– თქვი, დამთავრებული არ მქონდა საუბარი, რომ ბარგის ჩალაგება დავიწყეო. შენი ჩაცმა რომ ვიცი, ასე მარტივია ჩემოდანში ორიგინალური ტანსაცმლის, აქსესუარების, ფეხსაცმელებისა და პარფიუმერიის ჩალაგება?
– ჩემოდანში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისთვის გამოსადეგი და მოსახდენი ტანსაცმელი ჩავყარე. ჩამოვედი და დედაჩემმა მითხრა: პურზე რომ გაგაგზავნო, რით უნდა წახვიდე? ისეთი რამეც წამოგეღო, ყოველდღიურად რომ ჩაიცვამდიო (იცინის). ასეთი არაფერი მაქვს, მხოლოდ გამოსასვლელი კაბები. სამაგიეროდ, იმდენი ლამაზი კაბა მაქვს, ჩემს გარდერობს გადახალისება არ სჭირდება, „ნიჭიერში“ რომ ლამაზად გამოვიყურებოდე.
– შენი მეწყვილე წამყვანი, ულამაზესი თაკო ჩორგოლაშვილია. როგორ შეეწყვე თანაწამყვანს, როგორი იქნება თქვენი დუეტი?
– თაკო არის არა მარტო ულამაზესი, არამედ უჭკვიანესი და უნიჭიერესი. პირველი ნაბიჯები ამ სფეროში ერთად გადავდგით და მას სულ ვგულშემატკივრობდი. მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა. არის ძალიან კეთილი, ყურადღებიანი და ჭკვიანი. ისეთი კარგი ხასიათები აქვს და ისეთი ტკბილი გოგოა, არ ვიცი. მე ორიგინალურად ჩაცმა მიყვარს, თაკო აკადემიურია, ამაში განვსხვავდებით. რაც შეეხება ჩვენს დუეტს, მაყურებელი ნახავს ცოტა კინკლაობას, მეგობრობას, ბევრ ხალისს და რა თქმა უნდა, მაიმუნობასაც.
– ამერიკაში, ბიზნესი გაქვს და როგორც ვიცი, საკმაოდ დაკავებული ხარ. როგორ შეუთავსებ ბიზნესსა და წამყვანობას?
– ამერიკაში ვარ პირველი ქართული ბრენდის მწარმოებელი. ვარ პირველი, ვისაც აქვს ამერიკაში ოფიციალურად გაყიდვის ლიცენზია. შეკვეთებს ვერ ავუდივართ. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, იტალიაში მიწევდა ხშირი ვიზიტები, სადაც წარმოება გვაქვს. ასე რომ, ამერიკაშიც სულ დაკავებული ვარ. ახლობელს ვეუბნებოდი: კიდევ კარგი, რომ ასეთი კოსმეტიკური ხაზი გავაკეთე, „ნიჭიერში“ ხან წყალში გადამაგდეს, ხან თოკით გადმომკიდეს, ხან რაღაც შემასხეს და მაკიაჟი საერთოდ არ მიფუჭდება-მეთქი.
– ამერიკულ ფილმში გიხილეთ მასობრივ სცენაში, იყო სერიალი, სადაც გადაგიღეს. ამ კუთხით განვითარებას არ გეგმავ?
– ადრე ხან „მასოვკაში“ ვიყავი, ხან ბუჩქი ვიყავი და ხან – ხე… „სივებს“ ვაგზავნიდი და მირეკავდნენ. ახლა, რაც პარფიუმერული ბიზნესი მაქვს, ძირითადად, ამით ვარ დაკავებული. ხელი კი არ ჩავიქნიე, უბრალოდ, არ მცალია. ჩემს დროს თავიდან ბოლომდე პარფიუმერიის სფერო იკავებს, თორემ სურვილი ნამდვილად არ დამიკარგავს. წარმოიდგინეთ, დილას მიმყავს ბავშვი სკოლაში, მერე მივდივარ დარბაზში, ვდგები სარბენ ბილიკზე და ვიწყებ საუბარს ევროპასთან, სადაც მაქვს საქმეები. საათ-ნახევარი ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული. მერე მივდივარ საწყობში, სადაც ვალაგებ შეკვეთებს, შემკვეთთან გასაგზავნად, მერე ვანაწილებ ახალს, თან ვტესტავ, რომ დავადასტურო ფერი, ტექსტურა, შეფუთვა, ისა, ესა… სამ-ოთხ საათამდე ამით ვარ დაკავებული, მერე გამომყავს ბავშვი სკოლიდან, ვამზადებ საჭმელს, ვამეცადინებ შვილს, მიმყავს პარკში, საღამოს მოდის ჩემი ქმარი და გათიშულები ვიძინებთ. აი, ესაა ჩემი ამერიკული ცხოვრების ერთი დღის რუტინა (იცინის). თან, ეს არის ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. იცით როგორ დავიწყე ბიზნესი? წითელი პომადა გავაკეთე, იმიტომ, რომ საშინელება იყო ყველა, რომელსაც ვხმარობდი. საშინლად კრიტიკული ვარ ტუჩსაცხების მიმართ, ვერ ვიტან ტუჩს რომ აშრობს, ტანსაცმელზე გედება, გეტყლიზნება და ტუჩი გისკდება… ჩემთვის მინდოდა კარგი ტუჩსაცხის გამოგონება, ბევრი გავაკეთე, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ძალიან მოეწონათ და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. თან, მე არ მიყვარს ხალხის მოტყუება.

ასევე დაგაინტერესებთ