მაკა შალიკაშვილის ცხოვრების საინტერესო მომენტები: “ყველაფერს ვიმსახურებდი – იმ სიხარულსაც, ტკივილსაც, წყენასაც და ტკენასაც, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა…” – Marao
მსახიობ მაკა შალიკაშვილის ცხოვრებაში უამრავი განცდა, სიხარული და ტკივილი იყო, ისეთი რთული პერიოდები, როცა არ ეღიმებოდა, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უღიმოდა მათ, ვინც მის მიმართ სითბოს გამოხატავდა. როგორც თავად ამბობს, მან ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო მოიპოვა – ხალხის სიყვარული და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ის რეალურ ცხოვრებაში, არასოდეს თამაშობს. მიუხედავად რთული ყოფისა, თავს მაინც ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და ცდილობს, მისი წილი დადებითი ენერგია, ყველა იმ ადამიანს გაუნაწილოს, ვინც მის გვერდითაა.
მაკა შალიკაშვილი: ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე და ნახევარი კიდევ გასავლელი მაქვს. ჩემი ცხოვრების გზა სავსე იყო წარმატებებით, სიხარულებით, წარუმატებლობებით, ტკივილებით. ჯერ კიდევ ცხოვრების გავლის პროცესში ვარ, თუმცა, რაც გავიარე ყველაფერს ვიმსახურებდი – იმ სიხარულსაც, ტკივილსაც, წყენასაც და ტკენასაც, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. მე მივეცი იმ ადამიანებს საშუალება, მოსულიყვნენ ჩემთან ახლოს. მიუხედავად იმისა, ბევრჯერ უტკენიათ გული, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, წყენას გულში არ ვიტოვებ.
– ამის გამო, ბევრი ადამიანი დაკარგე?
– არ დამიკარგავს. უფრო ჩემი თავი გამირიდებია მათგან, ვიდრე ის ადამიანები მომიშორებია ჩემგან. მე ცხოვრებიდან არავის ვიშორებ, საკუთარ თავს ვაშორებ მათ. ისინი რჩებიან ისევ იმ ადგილას და აზრზე, მაგრამ მე ვშორდები მათ.
– მაკა, როდის იდგა ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში?
– ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი სულ დგას და ზოგადად, ცხოვრება რთულია. უბრალოდ, არსებობს საათები, დღეები, როცა ხარ ბედნიერი და გახარებული. ერთმა უეცარმა შეხვედრამ, სატელეფონო ზარმა, ფილმის ნახვამ, კარგმა მუსიკამ და ასე შემდეგ, შესაძლოა, კარგ განწყობაზე დაგაყენოს. ჩემთან ადვილი არასოდეს არაფერი არ არის. მე საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს. გული მწყდება, რომ ისეთი აწყობილი ცხოვრება და ყოფა არ მაქვს, რომ ჩემი საქმე მთელი არსებითა და შემართებით ვაკეთო. მიუხედავად ამისა, მაინც ვაკეთებ ამას, თუმცა, ბევრ საყოფაცხოვრებო საკითხზე მიწევს ფიქრი. როცა მსახიობს რთული ყოფა აქვს, ბევრ რამეზე ფიქრი ძნელია. ყველაფერს მე თავად ვაკეთებ და ამის ფონზე ძალიან რთულია ერთდროულად ყოფა-ცხოვრება და ამასთანავე სცენაზე დგომა. თან, ყველა ადამიანს უნდა მიაქციო ყურადღება, ყველას გაუღიმო, თავისი წილი სითბო მისცე… ეს კი რთულია იმის ფონზე, როცა სახლიდან გამოსული სულ სხვა რამეზე ფიქრობ. არადა, რომ გამოდიხარ და ადამიანი შენგან ღიმილს ელოდება, როგორ ცუდ განწყობაზე და პრობლემებშიც არ უნდა იყო, აუცილებლად უნდა გაუღიმო.
– ანუ, არა მარტო სცენაზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც თამაში გიწევს?
– არა, ეს არ არის თამაში, მე გულწრფელად ვუღიმი ყველას. უბრალოდ, ძალიან დაღლილი და თვალებდასიებული, მაგრამ ის ადამიანი ჩემგან ამ ღიმილს იმსახურებს. შესაძლოა, არ ვიყო გაღიმების ხასიათზე, მაგრამ როცა ვუღიმი ადამიანს, ეს თავად მშველის.
– მაკა, იყო შენს ცხოვრებაში დეპრესიული მომენტები?
– არასოდეს მქონია დეპრესია. იყო და არის რთული პერიოდები და ცხოვრება, მაგრამ დეპრესია – არა. ზოგადად, არ ვარ დეპრესიული ადამიანი, რაც არ უნდა რთული პერიოდი მქონდეს. მაგალითად, რთული პერიოდი მქონდა და დღემდე რთულია, როცა ვიაზრებ მამა აღარ არის. რთული იყო, როცა ბებია, პაპა, მამიდა, მამიდაშვილები გარდაიცვალნენ – ორი ახალგაზრდა ბიჭი… ზოგადად, რთული პერიოდები არ ჩერდება.
– ამბობენ, გარდაცვლილი ადამიანები იმ ქვეყნიდან მფარველობენ ამქვეყნად დარჩენილ საყვარელ ადამიანებსო. მსგავსი მომენტი თუ გიგრძნია?
– ყველა გზაზე, სადაც მივდივარ და მოვდივარ, ვგრძნობ მამის გვერდით ყოფნას და არსებობას. ერთხელ მესიზმრა, შორ გზაზე მივდიოდი, დავინახე მამა, ავტომრბოლელის ფორმაში და ვიფიქრე, ის ჩემთან ერთად მგზავრობდა. გავიღვიძე და მივხვდი – ის ყველა გზაზე გვერდით მომყვება და მმფარველობს.
– ვიცი, განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს დედასთან…
– კი, ასეა. დედა განსაკუთრებული ადამიანია. ჩვენ კი სხვანაირი დედები და მამები ვართ, ის სხვა თაობა იყო. მათ შეუძლიათ, შენ გამო ყველაფერი გვერდით გადადონ, ჩვენი თაობა კი თავის საქმეშია ჩაფლული და შვილები ჩვენ გარეშე იზრდებიან. როგორც დედამ შესწირა მამას თავი, ასე, ალბათ, ერთეულები იქცევიან. არ დამავიწყდება, ერთხელ დედამ მე და ჩემს დას გვითხრა: თქვენ არ იცით, რა არის ქმრის სიყვარულიო. მას შეეძლო, ყველაფერი გაეწირა და გაწირა კიდეც მამას გამო…გაგრძელება