ხევსურეთში მდებარე, XVI-XVIII საუკუნის ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.
კოშკი “საქართველოს ეროვნულმა ფონდმა”, დასავლელი პარტნიორების თანადაფინანსების აღადგინა, შემდეგ კი “ევროპა ნოსტრას” კონკურსზე გაიმარჯვა კატეგორიაში “მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება”.
საქართველოს ეროვნული ფონდის ინფორმაციით, პროექტმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა რესტავრაციის პროცესის ყოვლისმომცველობისთვის – მასში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი თემი და მოხალისეები, ისე საერთაშორისო ექსპერტები – “პროექტმა წვლილი შეიტანა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, მშვიდობისა და ურთიერთნდობის ხელშეწყობაში, და შექმნა ერთობა – მემკვიდრეობისათვის”.
პროექტზე მუშაობა 2021-2023 წლებში მიმდინარეობდა. ჯამში, კოშკის რეაბილიტაციისთვის დასავლური ფონდებიდან მიღებული ში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.
“პროექტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეში საერთაშორისო მხარდაჭერის, ევროპელი პარტნიორების ჩართულობის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგალითია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი კოლეგების ჩართულობა და ახალგაზრდა მოხალისეების ძალისხმევა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რათა განადგურებისგან გადარჩენილიყო შუასაუკუნეების თავდაცვითი კოშკი, ჩვენი ისტორიის ნაწილი, და ამასთანავე ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი. კოშკის რეაბილიტაციასთან ერთად, პროექტის შედეგად გაიზარდა არხოტის თემის ცნობადობა საქართველოსა და ევროპაში, შეიქმნა მნიშვნელოვანი წინაპირობა ხეობაში მემკვიდრეობის ტურიზმის გასავითარებლად, ერთმანეთს დაამეგობრა ქართველი და ევროპელი ახალგაზრდები და მოხალისეები“, – განაცხადა მარინე მიზანდარმა, საქართველოს ეროვნული ფონდის თანადამფუძნებელმა.
საქართველოსთან ერთად ამავე კატეგორიაში გაიმარჯვა ბელგიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ფინეთში, საფრანგეთში და ხორვატიაში შესრულებულმა სხვა, მსგავსი ტიპის პროექტებმა.
ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი “ევროპა ნოსტრას” კონკურსის კიდევ ერთ კატეგორიაში მონაწილეობს. კატეგორიის სახელია “საზოგადოების არჩევანი”, გამარჯვებისთვის კი ხმის მიცემაა საჭირო. პროექტის მხარდაჭერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: vote.europanostra.org
“რუსეთ-საქართველოს საზღვრისპირა არხოტის ხეობის სიამაყის – ცისკარაულების კოშკის – გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თემისთვის, რომელიც წელიწადში 8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია სამყაროს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკი საირმის მთაზე, რომელიც დაკავშირებულია სოფელ ახიელთან და კოშკთან. კოშკის აღდგენაზე ერთად მუშაობდნენ ადგილობრივი კალატოზები, გამოცდილი არქიტექტორები, სპეციალისტები და მოხალისეები.
დანგრევის საფრთხის წინ მდგარი 19 მეტრის სიმაღლის კოშკის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი და ქართველი პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობის, პროფესიონალთა გუნდისა და 46 ახალგაზრდა მოხალისის შრომის წყალობით”, – ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ფონდის განცხადებაში.
“ევროპა ნოსტრა” 1963 წელს, პარიზში დაარსდა. მისი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა. ორგანიზაცია აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.




