უხვმა ნალექმა დატბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 30 მაისს თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, დატბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე.
მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უხვი ნალექი იყო განსაკუთრებით, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში, ხოლო გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. უწყება ირწმუნება, რომ აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
მერია, ასევე ეხმაურება დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. უწყება განმარტავს, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს:
“წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით.
მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა”.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული მეტეოროლოგიური მოვლენა განეკუთვნებოდა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას.