მედია: ალთაიში დაიწვა სასახლე, რომელსაც პუტინის არაოფიციალურ რეზიდენციას ეძახდნენ

დამოუკიდებელი რუსული პროექტი Сирена წერს, რომ რუსეთში, ალთაის რესპუბლიკაში, ონგუდაისკის რაიონში ხანძარი გაჩნდა რეზიდენციაში, რომელსაც ვლადიმირ პუტინის არაოფიციალურ აგარაკს უწოდებენ.

ცეცხლმოკიდებული შენობის ფოტო გამოაქვეყნა ბლოგერმა ამირ აიტაშევმა და აქტივისტმა არუნა არნამ.

“იწვის ერთ-ერთი რეზიდენცია, რომელშიც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იტალიის პრემიერმინისტრ ბერლუსკონის 2015-ში იღებდა.” – დაწერა აიტაშევმა.

აიტაშევმა სირენასთან საუბარში დააზუსტა, რომ ფოტოები 30 მაისს გადაიღო. ჟურნალისტებს დამუშავების კვალი არ აღმოუჩენიათ.

როგორც სირენა წერს, საუბარია ალთაის კომპლექსის რეზიდენციაზე. ზოგიერთი მონაცემებით, ის გაზპრომს ეკუთვნის და კომპანიამ მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. თუმცა, ალთაისა და სხვა რუსულ მედიებში ამ რეზიდენციას “პუტინის ქონებას” უწოდებდნენ. სირენა ხაზს უსვამს, რომ კომპლექსის პუტინთან კავშირზე მრავალჯერ საუბრობდნენ ადგილობრივი ოპოზიციონერებიც.

ჟურნალისტების ფოტოებზე დაყრდნობით სირენა ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი შენობა სრულად დაიწვა. გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროს ადგილობრივ სამმართველოში მედიასთან მომხდართან დაკავშირებით არ ისაუბრეს.

2009 წელს ალთაის რესპუბლიკის ხელისუფლების საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც საუბარი იყო გაზპრომის მიერ ტურისტული კომპლექსი “ალთაის კომპლექსის” შენების დაწყებაზე. თავად კომპანიის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში ამბობდნენ, რომ კომპლექსი შენდებოდა საქმიან პარტნიორებთან შეხვედრისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვისა და უცხოელი სტუმრების მისაღებად.

სწორედ ამავე დროს მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ ადგილზე “პუტინის ქონება” შენდებოდა. ალთაის ადგილობრივი გამოცემა წერდა, რომ შენობისკენ მიმავალ გზას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით აგებდნენ და ღირებულება სულ მცირე მილიარდ რუბლს შეადგენდა. 2011 წელს, როცა Авторевю-სა და Новая газета-ს ჟურნალისტებმა კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, დაცვამ ისინი არ შეუშვა. 2014 წელს სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერდა, რომ კომპლექსისკენ მიმავალი გზა დასრულებულია და 4 მილიარდი რუბლი დაჯდა.

2015 წელს პუტინი ალთაიში იტალიის ყოფილ პრემიერთან, სილვიო ბერლუსკონისთან ერთად იმყოფებოდა. ალთაის ანსამბლის ხელმძღვანელი ჰყვებოდა, რომ ის პუტინის წინაშე კოლეგებთან ერთად ამ რეზიდენციაში წარსდგა. 2016 წელს გამოცემა Тайга.Инфо წერდა, რომ პუტინი ალთაიში ჩაატარებდა ტურიზმის სახელმწიფო საბჭოს სხდომას, რისთვისაც ალთაური ირმის 70 კილო რქები მოაგროვეს, რათა გამოეყენებინათ სპეციალური სააბაზანო პროცედურისთვის, რომლისთვისაც რქის ექსტრაქტია საჭირო. დამოუკიდებელი მედია Проект-ის გამოძიება 2022 წელს წერდა, რომ ვლადიმირ პუტინმა მსგავსი აბაზანების მიღება ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს რჩევით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება