ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობების ქარხანა ნაწილობრივ ამოქმედდა

ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობების ქარხანა ნაწილობრივ ამოქმედდა, სრული სიმძლავრით კი მუშაობას სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყებს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი როგავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე გადის.
“ეს არის ჩინურ-ბრიტანული კონსორციუმი და დაახლოებით, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ქარხნის სრულად ამოქმედების შემდეგაც პროდუქციის 100%-ი ექსპორტზე გავა. ამჟამად, პროდუქციას სატესტო რეჟიმში აწარმოებენ”, – აცხადებს გიორგი როგავა.
როგორც ცნობილია ფეროშენადნობების თანამედროვე ქარხანა ქუთაისის თიზ-ში, დაახლოებით, 7 000 კვ.მეტრის ფართობზეა აშენებული.
ცნობისთვის, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით გაიხსნა. ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.
bp.ge