ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტთან აქციით დახვდნენ

ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი დღეს სპეციალურად შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, რათა მიექციათ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ყურადღება. სარჯველაძე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს წარადგენს.
ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ მათი ამ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, რადგან ხელმისაწვდომი არ აფინანსებს მთელ რიგი წამლებსა თუ პროცედურები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის არის აუცილებელი.
“საფუძვლიანად იციან ჩვენი პრობლემების შესახებ, რა ხარვეზები არის ჯანდაცვაში. დაგვპირდნენ გამოსწორებას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, რადგან დაფინანსება ისევ აგვიანებს, წამლების დეფიციტია ისევ და ადამიანების სიცოცხლე ისევ საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ უკვე დავკარგეთ რამდენიმე მებრძოლი”, – განაცხადა გვანცა აფხაიძემ, ორგანიზაციის – “კავშირი სიცოცხლისთვის” წარმომადგენელმა.
ონკოპაციენტები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ ე.წ. 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას – ეს არის ის წლიური თანხა, რომელსაც სამინისტრო მათი საჭიროებისთვის იხდის. თუმცა, ისინი ამბობდნენ, რომ წამლებისა და სხვა სერვისების მაღალი ფასის გამო წლიური ლიმიტი რამდენიმე თვეში იწურებოდა და უწევდათ მკურნალობის შეწყვეტა.
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნის შემდეგ, მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება ამ ლიმიტიდან მედიკამენტების გამოყოფა იყო.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი”, – ამბობდა სარჯველაძე რამდენიმე კვირის წინ.
თუმცა, ონკოპაციენტების თქმით, ეს გადაწყვეტილება პრობლემას სრულად არ აგვარებს. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებს აფინანსებს, სხვები კი მათთვის კვლავ მიუწვდომელია. გარდა ამისა, ონკოპაციენტების თქმით, ხშირად, დეფიციტშია მათთვის საჭირო მედიკამენტები.
ისინი ითხოვენ დაფინანსება სახელმწიფოსგან იყოს ულიმიტო.
ამავე თემაზე:
· კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ საქართველოში არის – ასმათ მიქაძის ამბავი

ასევე დაგაინტერესებთ