“განვიხილავთ კონტრზომებს” – საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტოს ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს ელჩი უწყებაში დაიბარეს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს”, – წერია განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა 9 რეკომენდაციის შესრულების პირობით, ხოლო როდესაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა ქვეყანა, რომ რუსული სტილის კანონი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებს.
“ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დაინიცირდა კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა” – წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინებისა და ძალადობის კამპანიით პასუხობდა პროტესტს.
“ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო კონტრზომებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების