გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში — კობახიძე

პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს პარტია „ლელოს“ მხარდამჭერს უწოდებს.
კობახიძის შეფასებით, ანტიქართულია ელჩის განცხადება, რომ სანამ გამჭვირვალობის კანონი ძალში იქნება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
„გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის ლელოს მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, — განაცხადა მ.
გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირს ვერ შეუერთდება და, შესაბამისად, ვერც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება.
როგორც გერმანიის ელჩმა განაცხადა, ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ 10 ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ბოლო ადგილზე გადავიდა მოწინავე რიგებიდან.
ამასთან, ელჩმა ისაუბრა მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეთქმულების თეორიაზე, რომლის მიხედვითაც გლობალური ომის პარტია არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ