“საქართველოს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს” – Accor-ის რეგიონული დირექტორი

ქართული ეკონომიკისთვის ტურისტული სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება, რასაც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო მოთამაშეების შემოსვლა ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია – ფრანგული Accor-ია, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 5,500-ზე მეტ სასტუმროს და 10,000-ზე მეტ საკვებისა და სასმლის დაწესებულებას მართავს. საქართველოში Accor-ი პირველად 2015 წელს გამოჩნდა, ხოლო ახლა, Accor-ის ქართულ პორტფელში, 9 სასტუმროა, მათ შორის პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი Pullman-ი და Swissôtel-ი.
როგორც Accor-ის ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი, ალექსის დელაროფი BMG-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში ოპერირება ფრანგულმა კომპანიამ იმ ტურისტული პოტენციალის გამო დაიწყო, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ხედავს, განსაკუთრებით საკვებისა და სასმლის კულტურის მიმართულებით.
“საქართველოს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს – თქვენ გაქვთ, როგორც მთები და ზღვა, ასევე ძალიან ძველი ისტორია და კულტურა. ამასთან, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპაში საკვებისა და სასმლის კულტურით. ყველაფერი ეს ისაა, რასაც ახალი მოგზაურები მოელიან, რადგან მათ სიახლეების აღმოჩენა სურთ. ისე კი არ ფიქრობენ, რომ ჩამოვლენ, მოიხმარენ და წავლენ – არა. დღეს, ადამიანები აღმოჩენებს ეძებენ და სურთ, სხვა კულტურები გაიცნონ. ამიტომაცაა, საქართველოს ასეთი შედეგი რომ აქვს, რადგან ყველაფერი გაქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება”, – განაცხადა ალექსის დელაროფმა BMG-სთან.
BMG-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში Accor-ის რეგიონული საოპერაციო დირექტორი საქართველოში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელთა შორის, უმეტესწილად, ინფრასტრუქტურის გაუმართაობას ასახელებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ ტურისტული ნიში შეინარჩუნოს და მასობრივი ტურიზმის ქვეყნად არ იქცეს.
“ცხადია, არსებობს პრობლემები, რადგან ამისთვის ძალიან განვითარებული ინფრასტრუქტურა არის საჭირო. მრავალი წელია, რას საქართველოში დავდივარ და ვხედავ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველ ორ-სამ წელიწადში იცვლება და ფართოვდება. გზები და საცობები ჯერაც პრობლემად რჩება, ისევე, როგორც ქალაქებს შორის მიმოსვლის საკითხი და სხვა უხილავი სისტემები, მათ შორის წყალარინება, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერი ვითარდება. ცხრა წლის წინ საქართველოში ოპერირება რომ დავიწყეთ, საქართველო – სხვა ქვეყანა იყო. განვითარება სწორი მიმართულებით ხდება და ვერც იმის მოლოდინი გექნება, რომ რაღაც ერთ დღეში შეიქმნება. ინფრასტრუქტურის აშენებას დრო სჭირდება, მაგრამ ის სამუდამოდ შენდება, რაც პროცესების ექსპონენტურად დაჩქარების შესაძლებლობას აჩენს. ერთი, რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ საქართველომ ტურისტული ნაკადები ფრთხილად უნდა მართოს, რათა ის მასობრივ ტურიზმში არ გადაიზარდოს, რადგან ასეთი ტურიზმი, ზოგჯერ, ადგილობრივ თავისებურებებს კლავს. მნიშვნელოვანია, ქალაქმა და ქვეყანამ ეს სპეციფიკური ბალანსი დაიცვას”, – განაცხადა ალექსის დელაროფმა BMG-სთან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ფრანგული Accor-ი სასტუმროების მმართველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის აქციები პარიზის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $10 მილიარდს აღემატება.