Ezo 2024 -ის გახსნითი ღონისძიება გადაიდო – როდის ჩატარდება?

მუსიკალური ფესტივალის “ეზო 2024” გახსნითი ღონისძიება, რომელიც 7 ივნისს უნდა გამართულიყო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას Ezo Festival თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
მათი თქმით, ეზო საზოგადოებრივ პროტესტს პირველი დღიდან ღიად უერთდება, არსებული რეალობა კი კომპანიას საშუალებას არ აძლევს, რომ ფესტივალის გახსნისთვის შესაბამისი გარემო შექმნან.
“ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, გვიწევს ეზო ფესტივალის 7 ივნისის გახსნის ღონისძიების გაუქმება და მისი გადატანა 5 ივლისს.
სამწუხაროდ, მძიმე და არაპროგნოზირებადი რეალობა ამ ეტაპზე არ გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ფესტივალის გახსნისთვის შესაფერისი გარემო და შესაბამისად, ეზო 2024 იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დაგეგმილი იყო, ვერ სრულდება. ფესტივალის განახლებული რიცხვებია 5 ივლისი, 19 ივლისი და 6 სექტემბერი. ეზო პირველი დღიდან ღიად უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს, და კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში ყველას გვიწევს და მოგვიწევს რაღაცის დათმობა.
თუმცა, გვინდა გამოვიყენოთ შანსი და ვილაპარაკოთ ადგილობრივი კლუბებისა და ფესტივალების გამოწვევებზე, რომლებიც ყველა კრიზისის ფონზე მასშტაბურად ზარალდებიან. განსხვავებით მომხმარებლისგან, რომელიც მაშინ ერთობა, როცა ეს მისთვის მიზანშეწონილია, ჩვენი ინდუსტრია არის უამრავი ადამიანის სამსახური და შემოსავლის წყარო და ჩვენ, პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ პასუხისმგებელნი. აქედან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები გახდეს და მეტი ემპათიით მოეკიდოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ აისახება უამრავი ადამიანის ეკონომიკურ რეალობაზე. სოლიდარობას ვუცხადებთ გართობის ინდუსტრიაში მომუშავე ყველა ადამიანს, რომელიც გარდაუვალად ზარალდება მიმდინარე და მომდევნო თვეების განმავლობაში, იმის მიუხედავად უქმდება, თუ ტარდება მათი დაგეგმილი ღონისძიებები. ამ კრიზისულ მომენტში, ჩვენ ასევე გვაკისრია ვალდებულება საზოგადოების წინაშეც და ვთვლით, რომ ჩვენი ინდუსტრიის დანიშნულება ადამიანების სასიცოცხლო ენერგიის განახლებაა, რომელიც ახლა განსაკუთრებულად გვჭირდება. ამიტომ, გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ, განვაგრძოთ არსებობა და ვემზადებით 5 ივლისს ფესტივალის გახსნის მასპინძლობისთვის.
7 ივნისის ბილეთების დაბრუნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და 5 ივლისის ღონისძიების შესახებ დეტალებს მალე გამოვაქვეყნებთ. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.