„ოცნებამ” ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. კენჭისყრაზე 64 იყო ვეტოს წინააღმდეგი, 1 – მომხრე.
შემდეგ კი კენჭი უყარეს კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა და დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება:
აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.