თელავის საკრებულოში „ოცნების“ წევრი რუსული კანონის გამო პარტიის დატოვებას აპირებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონის მიღების გამო პარტიის და ფრაქციის დატოვებას აპირებს.
როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, პოზიცია არ შეუცვლია, 10 ივნისამდე შვებულებაშია, დაბრუნდება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ლევან ბერძენაშვილმა რუსული კანონს 26 აპრილს, თელავის საკრებულოს სხდომაზე გაემიჯნა და დაიფიცა, რომ თუ კანონს არ გაიწვევდნენ პარტიასაც დატოვებდა და თანამდებობასაც.
„მინდა, რომ ერთი პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, გამჭვირვალობის შესახებ კანონს:
მე, როგორც იურისტი, მე როგორც ორი შვილის მამა, მე, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, მე, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს, 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, 30-მა თავი შეიკავა; ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება.
ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან.
და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ ფრაქცია “ქართულ ოცნებას”, დავტოვებ თანამდებობას. ამას გპირდებით. ეს არის ჩემი თხოვნა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. კიდევ არის შანსი. გთხოვთ ადამიანურად, როგორც ერთი თქვენი დეპუტატი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან. მოგმართავთ, გთხოვთ, ეს კანონი უკან გაიწვიოთ“, — თქვა ლევან ბერძენაშვილმა 26 აპრილს.
პარლამენტმა რუსულ კანონზე ვეტო 28 მაისს დაძლია და საბოლოოდ დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ