მილერი: აშშ გმობს საქართველოს პარლამენტის დღევანდელ ნაბიჯს

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უგულვებელყო ევროსაბჭოს “ვენეციის კომისიის” სამართლებრივი შეფასებაც და დასავლელი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მოწოდებებიც.
“ქართულმა ოცნებამ” უგულვებელყო ევროსაბჭოს “ვენეციის კომისიის” სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორები, რომლებიც მკაფიოდ ამბობდნენ, რომ ეს კანონი მედიის სტიგმატიზებას მოახდენს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შეზღუდავს.
მმართველი პარტიის ქმედებები და ანტი-დასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ევროკავშირში წევრობას და ასევე, რისკს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, შესაძლოა ვეღარ შეძლონ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მოპოვება იმ ახალი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებში მოგზაურობას.

ამერიკამ ასევე დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, როცა ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავალური მომავლისთვის.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს”, – განაცხადა მილერმა.
საქართველოსთან დაკავშირებით მეთიუ მილერს ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის “ქცევა შეიცვალოს” და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა “სადამსჯელო”, არამედ სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი. მილერმა თქვა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ – ხუთშაბათს გამოქვეყნდა და ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.
მილერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით.
“ეს ყველაფერი უნდა გადავაფასოთ, თუკი საქართველოს მთავრობა ახლა ამერიკას და სხვა დასავლელ პარტნიორებს მიიჩნევს არა პარტნიორებად, არამედ – მოწინააღმდეგეებად “, – თქვა მილერმა.
საქართველოს პარლამენტმა დღეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.