საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვისას მოუწოდა, შეაგროვონ ხელმოწერები და მიუტანონ პრეზიდენტს, რათა მან ხელი მოაწეროს რეფერენდუმს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მომავალს 84 ადამიანის ხმა ვერ შეცვლის.
“84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია. მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთ სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს და გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი. ეს ენერგია რაც დღეს თქვენშია, იმაზე უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს – გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო მომავლის საქართველო.
მეორე მთავარი საქმე – თქვენ ვინც აქ ხართ ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება, თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა როგორც მინიმუმ არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს. მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები (ზოგმა ვერ გაიგო ვინ მეგობარია და ვინ საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის) ჩვენ გვერდით იქნებიან”- თქვა ზურაბიშვილმა.