“ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის”- ევროსაბჭო ვეტოს დაძლევაზე

“ევროპის კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური, სამართლებრივი არგუმენტები, რომლითაც გაიცა მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ”,- ასეთ განცხადებას ავრცელებს ევროსბაჭო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ევროკავშირში წუხან, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ არ გაითვალისწინა ევროპელი კოლეგების მოწოდებები, რომ ხელისუფლება მხოლოდ ამ კანონზეა ორიენტირებული და ყურადღებას არ აქცევს ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის წარდგენილ 9 რეკომენდაციას:
“ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ ცხრა რეკომენდაციიდან, მინიმუმ – სამის (დეზინფორმაციის; პოლარიზაციის; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ სავალ გზაზე.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად არსებით პროგრესზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად – მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების მტკიცე ერთგულება”,- წერია განცხადებაში.
ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს უპასუხებენ და რომ “ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის”. თუმცა, პარალელურად ისინი კვლავ ქართველების გვერდში იდგებიან.
“ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, მათი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით”,- ვკითხულობთ გნაცხადებაში.
საქართველოს მთავრობა კანონპროექტის მიღებას გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სახელწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების აუცილებლობით ხსნის.

ასევე დაგაინტერესებთ