კორძაია: იქნებ მოუწოდოთ მთავრობას, „ხარებას“ უფლებამოსილება შეუჩერონ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, მიმართონ აღმასრულებელ ხელისუფლებას -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე.
დეპუტატმა ხარაზიშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის დღეს, 28 მაისს მიცემული კომენტარი გაიმეორა, სადაც სპეცრაზმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის „არაკაცებს სცემს, რომელთა სიაც აქვს“:
„მე ვცემ არაკაცებს“ — ეს სიტყვები ეკუთვნის დღეს აქ გარეთ მდგომ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც თქვენი სპეცრაზმის სამსახურის უფროსია და იქნებ მოუწოდოთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა, ზუსტად ვიცი არ შეუჩერებთ იმიტომ რომ ზუსტად მისი დაცვის ქვეშ გადიხართ თქვენ ამ შენობიდან,“ — ამბობს კორძაია.
ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საკანონმდებლო ორგანოსთან არის მისული, სადაც ასეულობით სპეცრაზმელია მობილიზებული. „ქართული ოცნება“ დღეს გეგმავს კენჭი უყაროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონზე. პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე, აპრილ-მაისში, სპეცრაზმელები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, ენმ-ის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილსა და აქტივისტ დავით ქაცარავას.
მათი ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.
„ხარება“ იმყოფებოდა 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზეც, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი დარბევა სპეცრაზმმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ „ხარებას“ სახელის სკანდირება და მისი მისამართით გინება დაიწყეს.
თუმცა „ხარებას“ სახელი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უკავშირდება. როგორც შს მინისტრი ვახტან გომელაური ამბობს, „ხარება“ ძალოვან უწყებებში თითქმის 30 წელია მუშაობს. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმში იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კი „ხარება“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ-ი) სპეცრაზმში იყო. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.