„დიოს“ დამფუძნებელი რუსულ კანონზე: არ ექვემდებარება მოდიფიცირებას, უნდა გაუქმდეს

„დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზაციას ახდენს, საქართველოს არ სჭირდება:
„ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს. მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ საკითხის მოგვარება, კიდევ ერთხელ გაანალიზოთ, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე და იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას ელის თქვენგან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი სამშობლო გააგრძელებს ევროპისკენ სვლას,“ — აცხადებს ბიზნესმენი.
საქართველოს პარლამენტი დღეს, 28 მაისს გეგმავს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას რუსულ კანონთან დაკავშირებით.
თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე. აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვა, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პირებს, ასევე, გადაიხედება -ისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები. აშშ-ში ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ანტიდასავლურ კურსს, ქვეყანას გაუჩნდება შანსი, აშშ-თან მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით