“[რუსული კანონი] არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება, იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს” – თამაზ დაუშვილი

ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ “რუსული კანონი” მოდიფიცირებას არ ექვემდებარება და ის უბრალოდ უნდა გაუქმდეს.
Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაუშვილი კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს საკითხის გაანალიზებას სთხოვს. „იხელმძღვანელეთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ – წერს დაუშვილი.
„კანონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზებას ახდენს, აბსოლუტურად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რითმს. მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ საკითხის მოგვარება, კიდევ ერთხელ გააანალიზოთ, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე და იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას ელის თქვენგან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი სამშობლო გააგრძელებს ევროპისკენ სვლას“, – წერს თამაზ დაუშვილი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “რუსულ კანონზე” საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა. პარალელურად, პარლამენტთან 11 საათიდან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აღსანიშნია, რომ 27 მაისს ბიზნესმენმა, “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ხელისუფლებას ვეტოს დაძლევის გადავადებისკენ ან კანონის 2025 წლიდან ამოქმედებისკენ მოუწოდა.