,, ეს ხალხი უკვე საპროტესტოდ გამზადებულია, ხელისუფლებას დაიცავენ კი არა, მის მოსაშორებლად ყველაფერს გააკეთებენ” – დავით ჭიჭინაძე

ლევან ჯავახიშვილი
,,ალია” ესაუბრება ,,ტრიბუნას” დამფუძნებელს, ყოფილ პარალმენტარ დავით ჭიჭინაძეს:
– ბატონო დავით, ,,ქართული ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება, პარალელურად, ახალგაზრდობის გამოსვლები არ წყდება, უპრეცენდენტო რაოდენობის, 200 000 ადამიანი გამოვიდის საპროტესტო აქციებზე. როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდება ხალხის ეს ბრძოლა? შესძლებს ხალხის გატეხვას და დაამყარებს ქვეყანაში დიქტატურას?
– მოდით, ხალხის თვლას თავი დავანებოთ და მარტივად ვთქვათ–ამდენი ადამიანი რომ ქუჩაში გამოსულიყო, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ხალხთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც ეს ხელისუფლება მოიგებს. რადგან ხალხმა გაიღვიძა, აუცილებლად გაიმარჯვებს. ევროპასთან, ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის გარდა, სხვა პერსპექტივა ამ ქვეყანას არ გააჩნია. „ქართულ ოცნებას“ეგონა, რომ ხალხში საპროტესტო მუხტი ჩაკლა, იმიტომ იკადრა უკადრებელი და შარშან, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონი, ხელახლა შემოიტანა და სამი მოსმენით მიიღო. ხალხს მგონი ყველა ლიდერი შეპირდა საჯაროდ, ამ კანონს დავივიწყებთ, აღარ შემოვიტანთო და მოატყუეს. ეს ტყუილიც იყო იმის მიზეზი, რომ პროტესტმა ასეთი სახე მიღო. ხალხმა დაინახა საშიშროება, რომ ამდენი წლის მონაპოვარი, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, უცებ ვიღაც ცდილობს, ეს ყველაფერი გაანიავოს და წყალს გაატანოს. არადა, რა აღარ გადავიტანეთ და ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია–ომები, დემოგრაფიული კატასტროფა, სიდუხჭირე და ათასი უბედურება. ვერავინ ვერ მოერევა ქართველ ხალხს.
–პროცესები როგორ შეიძლება წარიმართოს? არჩევნებამდე მიაღწევს „ქართული ოცნება“ თუ შიდა განხეთქილების გამო მანამდე ჩამოიშლება? გავიხსენოთ ის სანქციები, რასაც ამერიკა და ევროპა ჰპირდებიან „ოცნების“ დეპუტატებს,აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებს და მათ ოჯახის წევრებს.
– ეს ხალხი იმიტომ კი არ გამოვიდა გარეთ, რომ ამათ სამართლიანი ჩაატარონ. არჩენები არაფერ შუაშია. ეს ხელისუფლება არჩევნებამდე ამ ქვეყანას დააქცევს. ახალგაზრდები გამოვიდნენ, რომ ქვეყანა დაიცვან ამ ბოროტებისგან. ისინი იბრძოლებენ, ვიდრე არ მიიღებენ სასურველ შედეგს. „ქართული ოცნება“ ჯიბრში ჩაუდგა ახალგაზრდებს, ძალაობს, ბოლომდე თავისის გატანა უნდა, იმ კანონისა და მერე სხვა რაღაცებისაც. არ მგონია, „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ცხელი თავები იყვნენ, რომ ამ სანქციების მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდნენ. ერთ საინტერესო დეტალს გავიხსენებ. ამერიკის სახლმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ობრაიენის დახურული შეხვედრა ბიზნესმენებთან საერთოდ არ გაშუქებულა. რატომ? რა ითქვა იქ? რა გზავნილები მიიღო ქართულმა ბიზნესმა?პარლამენტში ბიზნესმენები რომ სხედან „ქართული ოცნებიდან“, მათაც შეექნებათ პრობლემები. სერიოზული ბერკეტები აქვს დასავლეთს. თუნდაც, ლარის კურსის ჩამოქცევა ძალიან იოლად შეიძლება, ჩვენ ვნახეთ ეს ამ დღეებში. დაიწევს საბაზრო რეიტინგები, ინდექსები და ეს უკვე სიგნალი იქნება, რომ ქვეყნიდან ფული უნდა გავიდეს, აქ ინვესტორი შემოვა კი არა, ერთი არ დარჩება, ვინც არის. იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გვაქვს და უამრავი სახის პროდუქციას ვერ შემოვიტანთ ევროპის და სხვა ქვეყნებიდან, ამით ლარის კურსი მაშინვე დაეცემა, ხელფასები ვერ გაიზრდება, შემოსავლები გაქრება. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები დაინახავენ, რომ მათი ხელფასით უკვე არსებობაც შეუძლებელი გახდება, არათუ ცხოვრება. ეს ხალხი უკვე საპროტესტოდ გამზადებულია, ხელისუფლებას დაიცავენ კი არა, მის მოსაშორებლად ყველაფერს გააკეთებენ. ეს დღევანდელი კონფორმისტები წინა ხაზზე დადგებიან. ბევრი ბერკეტი აქვს დასავლეთს და არ გაჩერდებიან. მოკლედ, რჩევნებამდე აპირებენ ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ დასრულებას და დაასრულებენ კიდეც.

ასევე დაგაინტერესებთ