შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს.
ILO-ს სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებისა და ტერიტორიების უმუშევრობის დონე ასე ნაწილდება (TOP-20 ქვეყანა):
1. სამხრეთ აფრიკა – 29.2%
2. ჯიბუტი – 26.1%
3. პალესტინის ტერიტორია – 25.9%
4. კოსოვო – 25.6%
5. გრენადა – 22.9%
6. სვაზილენდი – 22.7%
7. ბოტსვანა – 22.6%
8. ლესოტო – 22.4%
9. ნამიბია – 19.9%
10. საქართველო – 18.5%
11. სომხეთი – 18.3%
12. კოსტა რიკა – 17.4%
13. ჩრდილოეთ მაკედონია – 17.2%
14. ზიმბაბვე – 16.9%
15. იორდანია – 16.8%
16. საბერძნეთი – 16.3%
17. ბოსნია და ჰერცეგოვინა – 15.7%
18. ესპანეთი – 15.5%
19. სენტ ლუსია – 15.3%
20. რუანდა – 15.3%
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები 7 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა. 2019 წლის მონაცემები არის წარმოდგენილი 9 ქვეყნისთვის, 2018 წლის მონაცემი არის წარმოდენილი ერთი ქვეყნისთვის, ასევე ერთი ქვეყნისთვის არის 2017, 2016 და 2015 წლების მაჩვენებლები წარმოდგენილი.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი პრობლემაა უმუშევრობის აღრიცხვიანობის საკითხი; მაგალითად, აფრიკის არაერთ უღარიბეს ქვეყანაში უმუშევრობის საეჭვოდ დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი არის მითითებული. მაგალითად, ჩადიში უმუშევრობის ოფიციალური დონე 1.1%-ია, ბურუნდასა და მალიზე – 1.6%; ხოლო მოზამბიკში კი 3%. იმ შემთხვევაში, თუკი ამ და სხვა ათობით ქვეყანაში რეალური უმუშევრობა დაითვლება, საქართველო უმუშევრობის დონით პირველ ათეულში აღარ შევა. ამასთანავე, უმუშევრობის სტატისტიკას საერთოდ აღარ აღრიცხავს სირია, რის გამოც არც ის არ ხვდება რეიტინგში. ასევე ILO-ს სტატისტიკაში არ შედის ჩრდილოეთ კორეის უმუშევრობის შესახებ ინფორმაციაც.
უმუშევრობის სტატისტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქვეყნები მას ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით ითვლიან. კერძოდ, 2020 წლამდე საქართველოც უმუშევრობას 1982 წელს მიღებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლიდა.
ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებული ადამიანები იმის მიუხედავად მათ აქვთ თუ არა შემოსავალი, დასაქმებულებად ითვლებოდნენ, თუმცა 2020 წლიდან საქართველო ILO-ს ახალ 2017 წელს მიღებულ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომლითაც თვითდასაქმებული და სოფლად მცხოვრები ადამიანები ავტომატურად დასაქმებულებად აღარ ითვლებიან. იმისთვის, რომ თვითდასაქმებული ადამიანი დასაქმებულად ჩაითვალოს, მას ფულადი შემოსავალი უნდა გააჩნდეს, რაც წინა მეთოდოლოიით არ იყო სავალდებულო.
მეთოდოლოგიის შეცვლის შედეგად, გადაანგარიშდა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც. მაგალითად, 2019 წელს, თუკი წინა მეთოდოლოგიით, საქართველოში მოქალაქეების 11.6% ითვლებოდა უმუშევრად, ახალი მეთოდოლოგიით ეს რიცხვი 17.6%-მდე გაიზარდა.