ქართველი ვარსკვლავი ევროპაში – ლუკა ჩიქოვანის გზა: „დედა იტალიაში ჩემამდე წავიდა, მე ბებიასთან დავრჩი. ხუთი წლის ვიყავი, როცა რომში ჩავედი…“ – Marao

ლუკა 1994 წელს, თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს, გამოუშვა საკუთარი ალბომი და კლიპიც გადაიღო.
“დედა იტალიაში ჩემამდე წავიდა, მე ბებიასთან დავრჩი. ხუთი წლის ვიყავი, როცა რომში წავედი. უკვე ოთხი წელია მილანში ვცხოვრობ, უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე.” – ამბობდა მსახიობი.
ლუკას ცხოვრებაში კინო 2018 წელს შემოიჭრა, მაშინ, როცა ალიჩე რორვახერის მიწვევით ფილმ „Lazzaro felice“-ში გადაიღეს. მისი სამსახიობო კარიერის დაწყება და წარმატება მუსიკალურ არხზე „MTV“-ის ეთერში მოხვედრამ განაპირობა, სადაც რეჟისორმა შენიშნა და მიიწვია ქასთინგებზე. შემდგომ იყო ახალგაზრდა მომღერლის კინოკარიერაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Revenge Room“, რომელიც, როგორ თვითონ ინტერვიუში განაცხადა:
„საკმაოდ ღრმა აზრის მატარებელი პროექტია და განკუთვნილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მშობლებისთვის, რათა გაზარდოს მათი მგრძნობელობა იმ ახალი მედიარეალობის მიმართ, რომლის წინაშეც ინტერნეტმა დაგვაყენა და რომელსაც ხშირად ჩვენი პირადი ცხოვრება ეწირება. ბოლო დროს ინტერნეტში არცთუ იშვიათად ვრცელდება გოგონების პიკანტური ფოტო თუ ვიდეომასალა, რომელსაც ძირითადად შურისძიების მიზნით, ყოფილი შეყვარებულები ავრცელებენ. ფილმში ჩემი გმირი, 18 წლის დავიდეც, ყოფილ შეყვარებულზე ბრაზდება, მსგავსი ტიპის ფოტოებს მეგობრებს უგზავნის და ეს ფოტოები ღია ინტერნეტსივრცეში ხვდება. თავდაპირველად, დავიდე უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ერთხელაც ის ბნელ ოთახში, ერთგვარ გაურკვევლობაში იღვიძებს და ხვდება საულს, სულიერ გზამკვლევს. ირთვება 15-წუთიანი წამზომი, რა დროშიც ჩემმა პერსონაჟმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ცოდვები და მოინანიოს. ფილმი საკმაოდ მეტაფორულია და ბიბლიურ და სპირიტუალურ პასაჟებს შეიცავს.” ფილმი ვენეციის ბიენალეზე იყო პრემიერით წარდგენილი.
მსახიობს ხშირად აქვს საკუთარი ქვეყნის ნოსტალგია და ამბობს, რომ როცა საქართველოში ბრუნდება, ყოველ ჯერზე ყველაფერი უფრო ახლობელი, ბუნებრივი და ძლიერი ხდება, იქნება ეს მეგობრობა, სიყვარული თუ სხვა რამ. ყოველ ჯერზე უფრო მძლავრად გრძნობს, რომ ამ მიწას ეკუთვნის.
“ბევრი მიმოგზაურია, გავეცანი ბევრ კულტურას და ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქართველები, ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ გარკვეულ ტრადიციებსა და ელეგანტურობას, იმის ფონზე როცა გლობალიზაცია “ანადგურებს” ქვეყნებს და ერთმანეთის მსგავსს ხდის“.
იტალიაში ცხოვრების მიუხედავად, ლუკა ყოველთვის თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მან პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ გამარჯვების ყოველთვის სჯერა:
“ბევრი მსახიობი, რომელმაც რუსული მთავრობისა და კანონის წინააღმდეგ ხმა ამოიღო, გაიტაცეს და სცემეს, დანარჩენებს კი ამავე მიზეზით შავებში ჩაცმული პოლიციელები ყოველ ღამე სახლებთან ელოდებიან. ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო საჯაროდ რომ დაისაჯოს სასამართლოში მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ეს ფაშისტური მოპყრობაა და არ დავუშვებ, მსგავსი რამ ჩემს ქვეყანაში ხდებოდეს.” – წერდა ლუკა.