რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, მით უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე — კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული კანონის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მით უფრო უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე.
ამის შესახებ მან დღეს, 27 მაისს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
გიორგი კაკაურიძეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ ჰკითხა, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება როგორ აისახება ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
„ცოტა რთული სათქმელია და გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება როგორ გაგრძელდება ეს სიტუაცია. თუ მომდევნო ერთ კვირაში დასრულდა და დაწყნარდა ქვეყანაში სიტუაცია, მაშინ არანაირი შეფერხება არ ექნება და მაკროეკონომიკური სიტუაცია რაც გვქონდა დაგეგმილი, ისე გაგრძელდება. მაგრამ თუ ჩვენ რაიმე განსხვავებულ სცენარს გავაანალიზებთ და გრძელვადიან პერიოდში მივიღებთ აქციებს და ა.შ. მაგ შემთხვევაში ეს უარყოფითად იმოქმედებს, პირველ რიგში, ტურიზმზე. ტურიზმიდან გამომდინარე შემდგომ იქნება ეკონომიკაზეც უარყოფითი ზეწოლა. პროგნოზი გამიჭირდება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი სიტუაცია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე,“ — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
თითქმის ორი თვეა, მმართველი პარტიის მიერ დაბრუნებული რუსული კანონის გამო ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის ამოქმედება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს აფრთხილებს, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს.
რუსულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე აპირებს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ