ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში “აგენტების კანონის” გამო შექმნილ წინააღმდეგობრივ ვითარებასაც განიხილავენ.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ, მედიასთან საუბარში განაცხადა, ჟოზეპ ბორელმა “ეს იქნება პირველი მომენტი, როცა მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას“.
„გასაგებია, რომ [საქართველოს] მთავრობა სცდება ევროპულ გზას და მინისტრებს მოუწევთ გადაწყვიტონ რა შეიძლება გაკეთდეს“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დააზუსტა. რომ განხილვის პირველი საკითხი საქართველო იქნება.
ბერბოკმა ისაუბრა “აგენტების კანონზე“ და თქვა, რომ მისთვის “ნამდვილად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს თავისი ხალხის ამ დიდ ოცნებას, უპირველეს ყოვლისა თავის ახალგაზრდების, ჰქონდეთ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა”. მან გაიმეორა, რომ კანონის შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამგვარი ქცევით საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამავდროულად “ის გამოდის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაც”. მისი სიტყვებით ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისია არა მხოლოდ მოქალაქეების სურვილი, არამედ ხელისუფლების ნებაც.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედოვნებს “ევროკავშირი ნათელ სიგნალს მიაწვდის, იმაზე, რომ თუ კანონი მიიღება, მისი საბოლოო ფორმით, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირისკენ თავის გზას“.
შეკითხვის პასუხად, ნიშნავს, თუ არა ეს კანდიდატის სტატუსის შეჩერებას ლანდსბერგისმა უპასუხა, „კანდიდატის სტატუსი, გაიცა დათქმებით, დათქმები კი არ სრულდება, გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არსებობს“.
დამაზუსტებელ კითხვაზე იგულისხმება თუ არა პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილება, ლანდსბერგისმა უპასუხა:
„პოლიტიკური მაქვს მხედველობაში, დიახ, რადგან ეს ჯერ ისევ პოლიტიკური კონცეფციაა, ხომ? ასე, რომ ისე შეიძლება შეჩერდეს“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ, შედარებით რბილი კომენტარით უპასუხა მედიას და თქვა, რომ საქართველოს „პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ამიტომ ეს საქართველოს, სუვერენული ქვეყნის, პარლამენტისა და მთავრობის გადასაწყვეტია რა უნდა უყოს მას. მაგრამ კიდევ ერთხელ, საქართველოს პროევროპული წარსული და მომავალი ახლა, არ ვიტყოდი რომ სერიოზული საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშეა. ამიტომ, ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.
დღეს 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე, ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.
პარლამენტი, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სესიაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით