საქართველსთან ურთიერთობები არასწორად ვითარდება, უნდა გადავხედოთ – სენატორი კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის განცხადებით, რუსული კანონის მიღება საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის მიზეზია.
ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სენატორის თქმით, -საქართველოს ურთიერთობები არასწორი მიმართულებით ვითარდება.
„მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს – ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ უნდა მოხდეს და რაც ქართველ ხალხს არ სურს. სენატორი შაჰინი და სენატორი რიში ამ კანონმდებლობაზე მუშაობენ. მე მათთან ერთად ვმუშაობ საგარეო საქმეთა კომიტეტში, რომლის თავმჯდომარეც ვარ და ნამდვილად განვიხილავთ იმას, რისი გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს.
მე ასევე შევხვდი ჩემს კოლეგებს და ვმუშაობ მათთან ერთად ევროპის სხვადასხვა პარლამენტში და რეგიონის მასშტაბით, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ [“უცხოეთის აგენტების” კანონი] მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ასე რომ ამ ქმედებას შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით და განვიხილავთ [საქართველოში შექმნილ სიტუაციას] როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში. არ არსებობს [უთანხმოება] იმაზე, რომ ეს არასწორია, ეს უნდა შეიცვალოს- საქართველოს მომავალი რუსეთში არაა, საქართველოს მომავალი დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ევროპაშია“, – აცხადებს სენატორი ბენ კარდინი.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირები გამყარებულიყო.
„სულ რამდენიმე წლის წინ ვნახეთ, რომ საქართველომ არნახული წინსვლა განიცადა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და ევროპასთან ინტეგრაციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იქ გადაწყვეტილებების მიღებაში გარედან ერევა. ამის მთავარ მაგალითად კი გვესახება პუტინის რუსეთის სტილის “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონი”, რომელიც ართულებს, თუ საერთოდ შეუძლებელს არ ხდის, რომ საქართველოში ხალხის ხმა გაიგონონ.
ამის შესახებ ჩვენ ძალიან ღია ვიქნებით, ამაზე ვისაუბრებთ – ეს გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, ნამდვილად ახდენს ზეგავლენას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე და როგორც [საქართველოს] მეგობრები, ვეცდებით, რომ ის სწორ გზაზე დავაყენოთ“, – აცხადებს სენატორი ბენ კარდინი.