თბილისში ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში – ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი – ვისგან შეისყიდა 515 244 ლარის ლანჩი.
თბილისში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში „განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად“ სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა და დახარჯა:
· 15 აპრილს – 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 28 640 ლარი
· 1 მაისს – 9 800 კომპლექტი – 82 816 ლარი
· 2 მაისს – 6 220 კომპლექტი – 52 323 ლარი
· 11-12 მაისს – 18 400 კომპლექტი – 162 840 ლარი
· 13 მაისს – 5 500 კომპლექტი – 48 675 ლარი
· 14-15 მაისს – 15 600 კომპლექტი – 139 950 ლარი
გარდა ამისა, 16 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში შსს-მ 150 000 ლარი დახარჯა სპეცრაზმის ლანჩისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში სამინისტროს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ევროპული საცხობი“ მონაწილეობდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლის 15 აპრილს გაფორმდა. სამინისტროს ლანჩი იმავე დღეს, 15 აპრილს დასჭირდა, რაც ცალკე, ტენდერის გარეშე შეისყიდა.
„15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ევროპულ საცხობს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ვერ ხერხდება შემსყიდველისათვის 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრების მიწოდება, ვინაიდან მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ევალება შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში.
საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების უზრუნველსაყოფად, უმოკლეს ვადებში შეძენილიყო ლანჩის ნაკრები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.
„ევროპულ საცხობთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებით კი, პრეისკურანტის მიხედვით იყო ლანჩის სამი სახის კომპლექტი, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა რაოდენობის პური[ბანი სეზამით], ყველი[დაჭრილი ჩედარი], ლორი[დედაქალაქური შაშხი], შოკოლადი „სნიკერსი“ და 0,5 ლიტრიანი „პეპსი“.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ხელშეკრულებით ლანჩ-მენიუში გათვალისწინებული იყო ბოსტნეულიც და „კოკა-კოლა“, თუმცა, 19 აპრილს შეტანილი ცვლილებით მენიუდან საერთოდ ამოიღეს ბოსტნეული, „კოკა-კოლა“ კი „პეპსით“ ჩაანაცვლეს.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ტენდერის ფარგლებში „ევროპული საცხობიდან“ შსს-მ ჩაიბარა:
· 17 აპრილს – 6 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 53 100 ლარის ღირებულების
· 19 აპრილს – 200 კომპლექტი – 1 770 ლარი
· 20 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
· 21 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
· 28 აპრილს – 2 450 კომპლექტი – 21 682.5 ლარი
სხვა მიღება-ჩაბარების აქტები პორტალზე ატვირთული არ არის. ამავე პორტალის მიხედვით კი, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით კომპანიისთვის შსს-ს გადარიცხული აქვს 147 ათას 352 ლარი და 50 თეთრი.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით „ევროპული საცხობის“ დირექტორია ალექსანდრე ნორაკიძე, კომპანიის წილებს კი შპს „დეგუსტო ინტერნეიშენალ“ და ვიტალიი ივახოვი [უკრაინა] ფლობენ.
„დეგუსტო ინტერნეიშენალ“-ის მეწილეები კი არიან ალექსანდრე ნორაკიძე [95%] და შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ [5%]. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე კი, არის ნიდერლანდებში რეგისტრირებული კოოპერატივი „გაზელ ფაინენს ჰოლდინგ კოოპერატივ“.
მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ლანჩის შესყიდვა სამინისტრომ ტენდერის გარეშე იმ მიზეზით დაიწყო, რომ როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, შსს-სა და „ევროპული საცხობს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ამოწურული იყო.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის“ მიზნით სამინისტრომ ახალი ტენდერი 200 ათასი ლარით, 2024 წლის 8 მაისს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 მაისს დასრულდება.
შესაბამისად, ვიდრე გამარჯვებული არ გამოვლინდება და არ დაიდება ხელშეკრულება, მანამდე სამინისტრო ლანჩს კვლავ გამარტივებული წესით შეისყიდის, ვინაიდან თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება.
ტენდერის გარეშე 58 720 ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯამში 9 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თუმცა კონკრეტულად ვისთან, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. არცერთი ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც საჯარო უნდა იყოს, შესყიდვების პორტალის შესაბამის CMR გრაფაში არ იძებნება.
მეტიც, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით ამ CMR გრაფაში [ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები] შსს-ს გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციები მხოლოდ 2019 წლის ოქტომბრამდე იძებნება. ამ დროიდან დღემდე პერიოდისთვის კი, არცერთი ინფორმაცია [რა შესყიდვები განახორციელა სამინისტრომ და ვისთან გააფორმა ხელშეკრულება] შესყიდვების პორტალზე აღარ ჩანს.
შესყიდვების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით „სავარაუდოდ, იყო და არის ტექნიკური პრობლემები პორტალზე და შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ მის მოგვარებაზე“.
კონკრეტული ინფორმაცია – რა პრობლემები შეიქმნა, როდის, ან როდის უნდა მოგვარდეს; ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები სააგენტოდან „ბათუმელებმა“ წერილობით ოფიციალურად გამოითხოვა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს უწყება არ ასაჯაროებს თუ რა ძალა გამოჰყავს შეკრების/მანიფესტაციის დროს, რამდენი პოლიციელი/სპეცრაზმელი მონაწილეობს და რა საშუალებებს იყენებენ ამა თუ იმ „სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას“ .
წყარო: batumelebi.netgazeti