„შესაძლებელია შეიცვალოს პრობლემური საკითხები“ — მინისტრის მოადგილე რუსულ კანონზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ რუსული კანონის ფარგლებში გამჭვირვალობას ისე უნდა მიაღწიონ პოლიტიკოსებმა, რომ გადაიჭრას სხვა პრობლემური საკითხები, რაც უთანხმოების საგანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან.
„კანონი ძალაში შევა, მაგრამ როგორი შევა, ესაა მთავარი. ამ ფორმით შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყნები. ამიტომ, საუბარი იყო, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე პარტიის მხრიდან, ვგულისხმობ პარტიის ხელმძღვანელობას, რომ დიალოგის შესაბამისად, შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომელიც არის, შეიცვალოს. გამჭვირვალობის პრობლემა მე მგონი არავის უნდა ჰქონდეს. გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, რომ შეიცვალოს.
შეიძლება შეიცვალოს დასახელებები, ტერმინოლოგია და ბევრი ის თემა, რომელიც შეუთანხმებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თუ გამჭვირვალობას მივაღწევთ ისე, რომ სხვა პრობლემური საკითხები გადაიჭრება, ეს არის ის, რაზედაც უნდა იმუშაონ პოლიტიკოსებმა,“ — თქვა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის აზრით, სანქციები, რომელიც -ს მხრიდან ელოდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ყველას არ შეეხება. მაგალითად, მისი თქმით არაა ადეკვატური, რომ ფინანსთა მინისტრი და მისი მოადგილე დასანქცირდნენ, თუ მათ არ მიუძღვით კონკრეტული დანაშაული.
კაკაურიძე ასევე ამბობს იმასაც, რომ აშშ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მთავრობის კურსი აქამდე იყო და მომავალშიც უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული.
„ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი კურსი, რა კურსითაც ჩვენი ქვეყანა მიდის, ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ის პოზიციები, რა პოზიციებიც გვქონდა ევროკავშირთან მიმართებით, ის ურთიერთობები, რომელიც გვქონდა პარტნიორებთან და რომელიც გვექნება აუცილებლად. საქართველოს მთავრობის კურსი იყო, არის და უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ახლა დაველოდოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს,“ — ამბობს კაკაურიძე.
აშშ სავიზო სანქციებს უწესებს საქართველოში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსული კანონის მიღებასა და საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე. სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. თუმცა სანქცირებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიიჩნევს, რომ მათთვის სამოგზაურო სანქციების დაწესება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს აზარალებს. თავის მხრივ ბლინკენის განცხადება კი “შანტაჟია და მუქარა”.
18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 28 მაისს დაძლევენ.
ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, რომ კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული.
ამავე თემაზე:
· აშშ სავიზო სანქციებს უწესებს რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს
· სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს — „ოცნების“ პოლიტსაბჭო
· ვინც რჩებით, რუსული რეჟიმის სამსახურში, კიდევ გრჩებათ შანსი, გადმოდით სიმართლის მხარეს – ოპოზიცია