„ჯანსაღი კომუნიკაცია ამცირებს სამედიცინო დავების რიცხვს“ – როგორია პაციენტთა ინფორმირებისა და კომუნიკაციის სტანდარტი

როგორია პაციენტთა ინფორმირებისა და კომუნიკაციის სტანდარტი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის წარმომადგენელმა მეგი საჯაიამ ისაუბრა.
„სამედიცინო მომსახურება გარკვეულწილად ბიზნესია და აქედან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულებები ცდილობენ დღითი დღე გააუმჯობესონ მომსახურების პირობები და პროცესები ისე დაალაგონ, რომ პაციენტი წავიდეს კმაყოფილი.
ჩვენი ქვეყანა შედის იმ ქვეყნების ათეულში, რომელთაც აქვთ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი. ამავე დროს საქართველოში მოქმედებს ექიმის ეთიკის კოდექსი, და მთელი რიგი ნორმატიული აქტები არეგულირებს ამ ურთიერთობებს.
პაციენტის უფლებების შესახებ კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ პაციენტთან კომუნიკაცია უნდა იყოს სიღრმისეული და ჯანსაღი. ეს გულისხმობს პაციენტისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებას, ექიმის მხრიდან პაციენტის მიმართ ემპათიის გამოხატვას და დიაგნოზის შესახებ, მკურნალობის მოსალოდნელი შედეგების, მედიკამენტის გვერდითი მოვლენების და ეფექტების, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საჭიროების შესახებ და ასე შემდეგ. იმავეს ავალდებულებს ექიმის ეთიკის კოდექსიც. კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღი კომუნიკაცია ამცირებს სამედიცინო დავების რიცხვს და პრეტენზიებს.“- განაცხადა მეგი საჯაიამ. მისი თქმით, პრობლემურია ასევე მედიის მხრიდან საკითხების გაშუქებაც.
მეგი საჯაიამ ასევე ისაუბრა კლინიკების აკრედიტაციის პროცესზეც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კლინიკების აქტიური ჩართულობა, რომ დააკმაყოფილონ აკრედიტაციის კრიტერიუმები, რომელშიც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კომპლექსური მოთხოვნები, სამედიცინო მომსახურების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობა, პერსონალის მომზადების დონე, მონაწილეობა უწყვეტი განათლების პროცესებში და ა.შ.