მუქარის ზარებზე საქმის მასალები ინსპექტორმა პროკურატურას გადაუგზავნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრებთან დარეკვა, გინება და მუქარა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თუმცა, უწყება განმარტავს, რომ ამ საქმის გამოძიება მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება, ამიტომ მასალებში პროკურატურას გადაუგზავნა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ზარები ერთგვაროვანი – ე.წ. იდენტიფიკატორის გაყალბების მეთოდით ხორციელდებოდა, ჰქონდა წინასწარგანზრახული მიზანი, ორგანიზებული ხასიათი, იყო მასშტაბური და ხშირი. გარდა ამისა, ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვნების დაშინების მცდელობას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩათვალა უწყებამ, რომ საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
„მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო ზარები მიემართება მიმდინარე საპროტესტო აქციებს და წარმოადგენს მათი დაშინების მცდელობას. კერძოდ, სატელეფონო ზარის განმახორციელებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, მათ უკავშირდებიან რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და მიმართავენ ღირსების შემლახველი ტერმინოლოგიით, ეკითხებიან, თუ რატომ არ უჭერენ მხარს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუკი ისინი და მათი ოჯახის წევრები პროტესტს არ შეწყვეტენ. გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან ნათესაურ კავშირებთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების ავტორების განმარტებით, ზარების ინიციატორები მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან მათი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანებს […] საგულისხმოა, რომ მომართვების ავტორები მიუთითებენ, მათ შორის, ღამის საათებში განხორციელებულ ზარებზე, რომლებიც მათსა და მათ ოჯახის წევრებში განსაკუთრებულ შიშს იწვევს. როგორც მოქალაქეები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ზარის განმახორციელებელი პირებისთვის ცნობილია ზარის ადრესატების საცხოვრებელი მისამართები, ისინი მუქარას აღიქვამენ რეალურად”, – ვკითხულობთ უწყების მიერ დღეს, 24 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ შეამოწმეს “მაგთიკომის”, “სილქნეტის” და “სელფი მობაილის” ტექნიკური ინფრასტრუქტურა. შედეგად, დაადგინეს, რომ იმ ქართული ნომრების ძირითადი ნაწილი, საიდანაც ურეკავდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა თუ მათი ოჯახის წევრებს, არ არის რეგისტრირებული კონკრეტულ პირებზე.
“ამდენად, მათთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია”, – ამბობენ უწყებაში.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა ნომერი კონკრეტულ პირზე იყო რეგისტრირებული, ნომრის დეტალური ამონაწერის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება გამავალი, ან შემავალი ზარები.
უწყების ცნობით, მუქარის შემცველი ზარების ავტორებმა გამოიყენეს ე.წ. Caller ID Spoofing, ანუ, იდენტიფიკაციის გაყალბების მეთოდი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განმარტავს, როგორ მუშაობს ეს მეთოდი:
“ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია”.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ეს მეთოდი გამოიყენებოდა როგორც ქართული, ისე უცხოური ნომრების შემთხვევაში. მაგალითად, აზერბაიჯანში მოქმედი მობილური ოპერატორის ინფორმაციით, აზერბაიჯანული ნომრიდან შემოსული ზარები მათი გავლით არ ხორციელდებოდა.
ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ. დაურეკეს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს, ასევე მათ არასრულწლოვან შვილებს, მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებსაც.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ ზარების უკან ხელისუფლება დგას, რადგან ანონიმური ზარის ავტორები მათ სწორედ რუსული კანონის გაპროტესტების გამო ესხმოდნენ ვერბალურად.
ამავე თემაზე:
· მუქარის შემცველი ზარების და პოსტერების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არაა – UK

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?