ერთი ადამიანის საშუალო შემოსავალი თვეში 521 ლარი, ხოლო ხარჯი 499 ლარი იყო

2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 18.4 პროცენტით გაიზარდა და 1 722 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5 პროცენტით გაიზარდა და 521 ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 87.7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 92 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 79.7 პროცენტს შეადგენდა.
2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 16.7 პროცენტით გაიზარდა და 1 649 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 18.7 პროცენტით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70.2 პროცენტი შეადგინა.