“ლელომ” და “გირჩმა” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს

პარტიებმა, “ლელო” და “გირჩი”, საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე “ლელოდან” საბა ბუაძემ, “გირჩიდან” კი მ გააკეთეს.
პარტია “ლელო” თვლის, რომ მიმდინარე მოვლენების, ანტირუსული პროტესტის, პოლიტიკოსებისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.
„თქვენ ყველა ხედავთ, როგორი სისწრაფით ვითარდება მოვლენები და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება და რთულდება მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენც ვართ ვალდებულები, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ ყველაფერს.
მე, როგორც საკრებულოს წევრმა, 2021 წელს დავდე პირობა, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნებოდა თბილისელების საუკეთესო ინტერესებით და ვთქვი, რომ მზად ვარ ვემსახურო თბილისსა და თბილისელების ინტერესებს. თუმცა თანამდებობის მიღმა თითოეულ ჩვენგანს კონსტიტუციით გვაკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია ამ რუსული სპეცოპერაციისგან, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოუთხაროს ძირი. შესაბამისად, დღეს პირველად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ვეღარ გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში.
ლელოს სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში, იქამდე სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის, რასაკვირველია, რთული გადაწყვეტილება. მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალები, მაშინ, როდესაც ბავშვებს უმოწყალოდ უსწორდება ფიზიკურად სპეცრაზმი და მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ვხედავთ უკვე სანქციების რეჟიმის ამოქმედებას, შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს ამ მოცემულობაში. ამიტომაც ჩვენი ფრაქციის სახელით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ის არის მნიშვნელოვანი და ამ მოცემულობის ადეკვატური“, – თქვა საბა ბუაძემ.
ამავე ბრიფინგზე “გირჩის” პოზიცია ცოტნე კობერიძემ გააჟღერა და აღნიშნა, რომ რამდენადაც საკრებულო ირჩევს სიჩუმეს იმ ადამიანების პროტესტის პასუხად, ვინც თბილისის ქუჩებში გამოვიდა, უერთდებიან სხვა ოპოზიციურ პარტიებს და თვლიან, რომ აჯობებს “ქართული ოცნება” საკრებულოში, თავის სიჩუმეში, მარტო დარჩეს.
„საქართველოს კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი. ამ ვალდებულებას საკრებულო გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში, რომლის საკრებულოც ეს არის, 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა, წაუყრუა საკრებულომ და კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ადამიანებს სცემენ, არეკეტებენ, ქუჩაში ხვდებიან ბიტებით, ჩუმად არის აქ ყველა დეპუტატი და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის ის “გედის სიმღერა”, რომელიც ახლა „ქოცებს“ აქვთ. ამიტომ იყვნენ მარტო, ჩაატარონ სხდომები და უსმინონ ერთმანეთის სიჩუმეს, იმიტომ რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ. მინდა ყველა ადამიანს მივმართო, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. შესაბამისად, ახლა, ბოლო თვეების განმავლობაში, უბრალოდ ვუსმინოთ ტკბილად „ქოცების“ გედის სიმღერას. „გირჩის“ სახელით ვაცხადებ, რომ გავდივართ ბოიკოტში და ვუერთდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ ნაბიჯში“, – თქვა ცოტნე კობერიძემ.
პარტია “ლელოს” უკვე გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საპარლამენტო საქმიანობისთვის. როგორც საპარლამენტო, ისე საკრებულოების მასშტაბით, ბოიკოტის რეჟიმშია გადასული “ნაციონალური მოძრაობაც”.