26 მაისს დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა

თავდაცვის სამინისტრო 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით ახალწვეულები 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ. ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, სტეფანწმინდაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, მესტიაში, ამბროლაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.