მომღერლები მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია რადიო ფორტუნას ეთერის სტუმრების არიან, სადაც ერთმანეთის კითხვებს პასუხობენ:
მარიამ შენგელია: „გოგოების დუეტი დიახაც მომგებიანია, გააჩნია ხარისხს“
ნუცა თოფურია: „რაც მარიამი შეყვარებულია, ძალიან შეიცვალა. უფრო პუნქტუალური გახდა. მადლობა გიორგი“
მარიამი: „ხშირად მითქვამს, რომ წუნია ხარ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიჭი, რომელიც მოგეწონება“?
ნუცა: „არ ვარ წუნია, ვინ დავიწუნე დაუწუნებელი“?
მარიამი:„მჭამელი გოგოები ვართ, კომპლიმენტს ხინკალი გვირჩევნია“.
მომღერალი მარიამ შენგელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში წლების წინ მუსიკალური კონკურსებიდან მოექცა და მას შემდეგ აქტიური კარიერა აქვს.
“მთელი ცხოვრებაა, ვმღერი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მომღერალი არავინ მყავს, ჩემმა ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა და ხუთი წლის ასაკში სიმღერაზე შემიყვანეს. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა. მშობლების დაჟინებული თხოვნით გამოვედი კონკურსში. პირველი კონკურსი „X ფაქტორი“ იყო. ფილარმონიის სცენაზე, ამხელა აუდიტორიის წინაშე პირველად წარვდექი. ძალიან დიდი სტრესი იყო, თუმცა, იმავდროულად, ძალიან დიდი ბედნიერება. სცენაზე რომ დავდექი და ხმა ამოვიღე, ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც მინდოდა, მთელი ცხოვრება ვყოფილიყავი და ასე გრძელდება დღემდე. ამის შემდეგ იყო პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“. ორივეს ფინალისტი ვარ. დღეს მყავს ბენდი „მიქსტურა“, რომელთან ერთადაც მართლა უამრავი კონცერტი მაქვს.”
ნუცა თოფურია უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, წარმატებები გაცილებით ადრე, ათი წლის ასაკში დაიწყო.
“მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე, ძალიან პატარა ასაკიდან, სამი წლიდან „იავნანას“ ვმღეროდი. თუმცა იმ დოზით არა, რომ ყველას ეფიქრა, ეს მომღერალი გახდებაო. როცა წამოვიზარდე, მერე სულ ვმღეროდი. თუმცა, პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ათწლედში ჩაბარებაზე არ მიფიქრია. ჩემი პირველი პროექტი ათი წლის ასაკში იყო – „ანა ბანა“ და იქიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და ეგონა, რომ მოუმზადებლად შედეგს ვერ მივაღწევდი. როცა დედა სახლში არ იყო, მე და ბებიამ დავრეკეთ და დავრეგისტრირდი. დედას მერე ვუთხარი, ქასთინგზე მივდივარ-მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა, წამომყვა და გზაში მეკითხებოდა, ასე მოუმზადებელმა რა უნდა იმღეროო. მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა, სიმღერაც მზად მქონდა და კონკურსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. მარინა ბერიძე იყო ჟიურის წევრი და პირდაპირ მითხრეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო. მეორე ტურიდან რომ გამოვედი, დედას ვუთხარი, დიდი ალბათობით ვერ გადავედი, რადგან მარინამ ჩემი ანკეტა, სადაც ცოტა ფურცლები იდო, იქ გადადო, სადაც ბევრი იდო, იქ ვერ მოვხვდი-მეთქი. ორ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საუკეთესო 12 ბავშვში მოვხვდი.”