საქართველოს ეროვნული ბანკის მოლოდინით, 2024 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო 2025 წელს ის 3.3%-3.6%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ეკონომიკას, საბაზო პროგნოზით, ეკონომიკა წელს 5.6%-ით გაიზრდება.
სებ-ის მიმოხილვის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, შემდგომ, მეტწილად საბაზო ეფექტის ზეგავლენით, მას დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება.
„წლის დასაწყისში ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ და მოსალოდნელთან შედარებით ნაკლებ დონეზე შენარჩუნდა. აღნიშნული გარემოება ინფლაციურ მოლოდინებსაც შემცირებისკენ უბიძგებდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებისა და შედეგად ჯერ კიდევ მყარ პოზიციაზე მყოფი ლარის რეალური გაცვლითი კურსის ფონზე. მიმდინარე საბაზო პროგნოზით, ინფლაცია საშუალოდ 2024 წელს 1.5%-ს შეადგენს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, ფასებზე ზემოქმედების კუთხით, ძლიერი ეკონომიკური აქტივობა კვლავ საყურადღებო რჩება, რომელიც, განახლებული პროგნოზით, წელს 5.6%-ით გაიზრდება. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა შემცირებულმა ინფლაციურმა მოლოდინებმა მონეტარული პოლიტიკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა გარკვეულწილად დააჩქარა წლის დასაწყისში, მოთხოვნის მხრიდან გაზრდილი რისკების ფონზე მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია ზომიერი ტემპით გაგრძელდება. აღნიშნულს, თავის მხრივ, ასევე განაპირობებს მომატებული გაურკვევლობა, როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც საბაზო სცენართან შედარებით მაღალი ინფლაციის რისკებს ქმნის.
მიმდინარე საბაზო პროგნოზით, ეკონომიკა წელს 5.6%-ით გაიზრდება, რაშიც აღსანიშნავია, ერთი მხრივ, ბიზნესის დაკრედიტების სოლიდური ტემპების ფონზე, ინვესტიციებისა და, მეორე მხრივ, სტრუქტურულად გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშით განპირობებული წმინდა ექსპორტის წვლილი. 2025 წლიდან რეალური მშპ-ის ზრდა გრძელვადიანი პოტენციური ზრდის მაჩვენებელს, 5%-ს დაუახლოვდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში რეფინანსირების განაკვეთის დონის 7.8%-მდე შემცირება არის მოსალოდნელი.
