მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი განახევრდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი ორჯერ ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშში წერია.
სებ-ის ინფორმაციით, 2023 წელს რეგისტრაცია გაუუქმდა ორ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, თუმცა, ბაზარზე მათი უმნიშვნელო წილიდან გამომდინარე, სექტორის მთლიანი აქტივების ზრდის ტემპზე ამ ფაქტს ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. წლის განმავლობაში, მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხარჯზე, ზრდა დაფიქსირდა როგორც ფილიალების, ისე თანამშრომელთა რაოდენობაში.
„წლის განმავლობაში, მსესხებელთა რაოდენობის მზარდი ტენდენციის პარალელურად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა საკრედიტო პორტფელმაც (წლიური ზრდის ტემპი 8 პროცენტი) და 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი ორჯერ ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს, რაც ლომბარდული პორტფელით არის განპირობებული. აღნიშნული პორტფელის ზრდის ტემპი კულმინაციური იყო 2022 წელს, რაც გარკვეულწილად პანდემიის შემდგომ ეფექტებს უკავშირდება.
მიკროსაფინანსო სექტორის დაკრედიტების ძირითად მიმართულებას ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხები (ლომბარდი, სამომხმარებლო სესხები და სხვა) წარმოადგენს და სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 81 პროცენტს შეადგენს, თანხით – 1.4 მილიარდი ლარი. დანარჩენი 19 პროცენტი კი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობა-მომსახურების სექტორსა და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებზე მოდის, თანხით 317 მილიონი ლარი“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
სექტორის მთლიანი აქტივების ზრდის ტემპი ძირითადად სამომხმარებლო სესხების ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, საკრედიტო პორტფელის წლიური 130 მლნ ლარიანი ზრდიდან 86 მლნ ლარი მოდის სამომხმარებლო სესხებზე და 43 მლნ ლარი ლომბარდულ სესხებზე. წლის განმავლობაში 8 მლნ ლარიანი კლება დაფიქსირდა ვაჭრობა-მომსახურების სექტორსა და იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე. მიკროსაფინანსო სექტორის სახსრების ღირებულების ზრდა გარკვეულწილად რეზიდენტი კომერციული ბანკებიდან მოზიდულ სახსრებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით იყო განპირობებული.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობამ 2023 წელი მოგებით დაასრულა და მიუხედავად ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციისა, წლის განმავლობაში სექტორმა უფრო მაღალი მომგებიანობა აჩვენა, ვიდრე გასულ წელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე