ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ ძალებს – ისრაელსა და რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ (შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში აღიარებულია, როგორც ტერორისტული ჯგუფი) შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმების შედეგად, როგორც პალესტინელთა სამაშველო სამსახური იტყობინება, ღაზის სექტორში ჩადის „წითელი ნახევარმთვარის“ სასწრაფო დახმარების ათი ავტომანქანა.
მათი ამოცანაა ქალაქ ღაზიდან პაციენტების ევაკუაცია. ორგანიზაციის თანახმად, ოპერაცია შეთანხმებულია გაეროსთან.
სამაშველო ავტომანქანები ღაზის სექტორის სამხრეთიდან, ხან იუნისიდან გავიდნენ და ქალაქ ღაზის საავადმყოფოდან, ალ-აჰლიდან ავადმყოფებს და დაჭრილებს გაიყვანენ. ეს კლინიკა ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კატასტროფული პირობების გამო მოითხოვა პაციენტების ევაკუაცია.
სხვათა შორის, კატარის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმება დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამოქმედდა 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე. მიღწეულია შეთანხმება ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე, დროებით ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ.
ოთხი დღის განმავლობაში სულ გათავისუფლდება სულ მცირე 50 მძევალი, ქალები და ბავშვები. მოსალოდნელია, რომ მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება გაათავისუფლებს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილს. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში უნდა შეწყდეს ნებისმიერი ბრძოლა, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება. ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის ზავზე, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალური მოძრაობა ისრაელში შეიჭრა. ამ თავდასხმისას 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 240 მძევლად იქნა აყვანილი. ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დახოცილთა რიცხვი 13 000-ს აღემატება.
