ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი – კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იგი გაეცნო ე.წ. აგენტების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას და “როგორც იურისტი” ამბობს, რომ “ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი”. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
კობახიძის მტკიცებით, დოკუმენტში “უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია”.
“უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით.
უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში”, – თქვა მ.
21 მაისს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე თავისი უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც “მტკიცედ ურჩევს” ხელისუფლებას, გააუქმოს “აგენტების კანონი” არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის “ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით.”
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.

სადავო კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.
ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!