„მალე თურქული პროდუქცია წალეკავს ქართულ ბაზარს – დროა ქვეყანამ დააწესოს ე.წ. სარკისებრი ეფექტი“ – ვახტანგ ბეჟიტაშვილი

თურქეთმა მოცვის პლანტაციების ფართობი 50%-ით გაზარდა. ცნობილი ხდება ისიც, რომ მომავალში, ინდუსტრია სწრაფ ზრდას დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და სუბსიდირების პროგრამების წყალობით გააგრძელებს – იქონიებს თუ არა ეს გავლენას საქართველოში მოყვანილ პროდუქტზე, ამ თემაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ნეგატიურ გავლენას ყველა მიმართულებით იქონიებს, თუმცა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ თურქული მოცვის იმპორტის შედეგად გაიაფებული ქართული მოცვი დგება.
„რა თქმა უნდა, ეს საერთო ფონზე გავლენას იქონიებს. თურქეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა და საკმაოდ კარგადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა. მათ აქვთ დიდი ფართობები ვრცელმასშტაბიანი მეურნეობებით, შეიძლება ითქვას, ინდუსტრიის დონეზეც კი. სახელმწიფო სუბსიდირების შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია და ის ძალიან ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას, როგორც სექტორს, ასევე გადამამუშავებელ და მასზე მიბმულ სხვადასხვა მიმართულებებს. იმდენად კარგად აქვთ ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია თურქეთის ეკონიმიკაში.
ის ჩვენი კონკურენტი, რა თქმა უნდა, არის ისეთ ბაზრზებზე, როგორიცაა , , ყაზახეთი და ევროპის მიმართულებითაც. თუ მოხდება მათი ფართობების ზრდა და ამას სახელმწიფოც დაასუბსიდირებს, ეს ჩვენთვის გარკვეული საფრთხის შემცველი იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მოცვზე მოთხოვნა ზრდადია, ამ ეტაპზე არა მგონია, რომ დიდი პრობლემა შექმნას. შესაძლოა, ფასი ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ ჩვენს წარმოებაზე ეს დიდად არ აისახება“, – განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ამაზე უფრო მეტ პრობლემად იაფად შემოსული პროდუქტი დაასახელა, რომელიც საბოლოოდ, ქართულ მოცვსაც დაუკარგავს ფასს.
„აქ უფრო იმ პრობლემას ვხედავ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუციის ძალიან დიდი ნაწილი იმპორტზე შემოგვაქვს, ამიტომ საფრთხე იმაში უფროა, რომ ჩვენთან იაფად შემოვა და ეს საბოლოოდ საქართველოში მოყვანილ მოცვზეც აისახება.
თურქეთი არის ქვეყანა, სადაც რომ მოვინდომოთ, ვერცერთ კილოგრამ ვაშლს ვერ შევიტანთ, ვერც მოცვს, ვერც სხვა პროდუქტს. სამაგიეროდ ჩვენ მათგან დიდი რაოდენობით ვყიდულობთ ყველაფერს. ამიტომ, დროა ჩვენმა ქვეყანამ დააწესოს ე.წ. სარკისებრი ეფექტი – თუ კონკრეტული ქვეყანა გიკრძალავს რაიმე პროდუქტის შეტანას, მაშინ შენც არ უნდა მიიღო მისი პროდუქცია. თუ ეს ასე არ იქნება, საკმაოდ დიდ პრობლემას შეგვიქმნის და მალე თურქული პროდუქცია წალეკავს ქართულ ბაზარს, ისევე, როგორც მთელი რიგი დარგები უკვე წალეკა“ – განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
bpn.ge