მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის საქართველოსთვის $35 მლნ-ის დაფინანსება დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის საქართველოსთვის 35 მლნ დოლარის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. დღეს, 22 მაისს, გამოყოფილი თანხა ხმარდება პროექტის პირველ ფაზას, რომლითაც გათვალისწინებულია შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით.
პროექტით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში.
„პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ“, – წერია მსოფლიო ბანკის გავრცელებულ განცხადებაში.
ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში.
2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა შეისწავლა და წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე დაადასტურა საქართველოსა და რუმინეთ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?