რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს.
2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა.
„დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, — აცხადებს ეროვნული ბანკი.
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ეროვნული ბანკის შეფასებით, „გაურკვევლობამ მოიმატა“.
„როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის“, — მიიჩნებს სები.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ