როგორი იქნება „დიღომი ჰესი“ და რა კავშირი აქვს მშენებლობას ტარიელ გიორგაძესა და რუსეთის მოქალაქეებთან?

თბილისში ახალი ჰესი აშენდება. საბურთალოსა და გლდანის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიაზე 11,26 მგვტ დადგმული სიმძლავრის კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგური – „დიღომი ჰესის“ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
შპს „დიღომი ჰესის“ სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, პროექტის ხანგრძლივობა 12 თვეს, ღირებულება კი 23 210 241 დოლარს შეადგენს.
„დიღომი ჰესის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 11.260 მგვტ, ხოლო საშუალო მრავალწლიური გამომუშავება – 62,80 გვტსთ/წ იქნება.
„დიღომი ჰესის მშენებლობა გათვალისწინებულია ქ. თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, საბურთალოსა და გლდანის ადმინისტრაციული რაიონების საზღვრებში. დამბა მოეწყობა მდ. მტკვრის კალაპოტის ზ.დ. 415,6 მ ნიშნულზე.
პროექტის მიხედვით, დიღომი ჰესი წარმადგენს კალაპოტური ტიპის ჰესს, 10 მ სიმაღლის კაშხლით. ჰესის საპროექტო ხარჯი იქნება 240 მ3/წმ, ხოლო საპროექტო დადგმული სიმძლავრე 11.260 მგვტ, ხოლო საშუალო მრავალწლიური გამომუშავება – 62,80 გვტსთ/წ.
კაშხალზე დაგეგმილია ე.წ. აუზებიანი თევზსავალის მოწყობა, ხოლო კაშხლის თხემზე საავტომობილო ხიდის განთავსება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე შპს „დიღომი ჰესი“-ს მიერ მომზადებული იქნა დეტალური სამშენებლო პროექტი, რომლის მიხედვით გარკვეულად გაიზარდა პროექტის გავლენის ზონაში მოქცეული ტერიტორიების ფართობი. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ცვლილება გამოწვეულია, წყალმიმღების, წყალსაგდების და გამყვანი არხის დეტალური ჰიდრავლიკური გაანგარიშების შედეგად ნაგებობების მოსაწყობად საჭირო ფართობის გაზრდით. გარდა აღნიშნულისა, მიზანშეწონილად ჩაითვალა ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა, რისთვისაც საჭირო იქნება 3174 მ2 ფართობის ტერიტორიის გამოყენება.
სკრინინგის განაცხადის გამოქვეყნებიდან, რომელიც დამატებითი ტერიტორიის მოთხოვნას გულისხმობდა, რამდენიმე თვეში, გასული წლის 20 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს „დიღომი ჰესს” აღნაგობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო ქონება, რომლის აღწერა და პრივატიზების პირობები უცნობია.
შპს „დიღომი ჰესის“ დირექტორი და მეწილე ბიზნესმენი ტარიელ გიორგაძეა, რომელიც „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მან პარტიას 60 000 ლარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესწირა. გარდა ამისა, მშენებელი ბიზნესმენის სახელს უკავშირდება ათეულობით სახელმწიფო ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა. ჯამში ტარიელ გიორგაძის კომპანიების მიერ მოგებულმა ტენდერებმა 300 მლნ დოლარს მიაღწია.
შპს „დიღომი ჰესს“ ტარიელ გიორგაძის გარდა ორი კომპანია ფლობს. შპს „ლექტრონის“ 20-20%-იან წილებს ხვიჩა ფორჩხიძე (საქართველო/ს ორმაგი მოქალაქე), დათო კენჭაძე (საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქე), კობა გოგატიშვილი, მალხაზ გოგატიშვილი და კახაბერ სახამბერიძე ფლობენ. შპს „ჯი ემ ჯის“ მეწილე კი გრიგოლ ნატროშვილია.