რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

უკრაინის ქალაქი სუმი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ს სამხედრო ძალებმა ენერგოობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით საოკუპაციო ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით დაარტყეს სუმის ოლქის შოსტკის და კონოტოპის რაიონებში მდებარე ენერგოობიექტებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენა.
რუსეთი არაერთი თვეა ინტენსიურად უტევს უკრაინის ჰესებს, თბოელექტროსადგურებს და სხვა ენერგოობიექტებს. უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს. მაგალითად, კერძო ენერგოკომპანია DTEK-ის ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს დედაქალაქი და კიევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქები ელექტროენერგიას შეუზღუდავად მიიღებენ მხოლოდ დილის შვიდიდან საღამოს ექვს საათამდე.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ 21 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ რუსეთის არმიის მიერ დანგრეული და დაზიანებული ელექტროსადგურების აღდგენას თვეები და წლები დასჭირდება, ამიტომ უკრაინელებმა უნდა ისწავლონ შეზღუდული ენერგომომარაგების პირობებში ცხოვრება.
კუდრიცკის თქმით, ენერგოსისტემის მთლიანობის შესანარჩუნებლად იძულებული არიან ელექტროენერგიის კონტროლირებული გამორთვის პრაქტიკას მიმართონ.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის 5 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
სოკოლოვი და კობილაში ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულში, კერძოდ, მათი ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების განზრახ განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. რუსი ადმირალი და გენერალი ეჭვმიტანილი არიან ანტიჰუმანური ქმედებებით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშიც.

ასევე დაგაინტერესებთ