Politico-ს ინფორმაციით, ბრიუსელში ოფიციალური პირები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობიან. როგორც გამოცემა წერს, ევროპელი და უკრაინელი დიპლომატები ინტენსიურად მუშაობენ უნგრეთის მთავრობასთან, რომ მიიღონ თანხმობა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ხუთმა დიპლომატმა, რომლებმაც Politico-სთან ანონიმურობის დაცვით თქვეს, რომ მათი მიზანია, ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს არაუგვიანეს 25 ივნისისა.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრეს, რომ მათ სურდათ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში ეხილათ. თუმცა ევროკავშირის გზაზე ამ ორი ქვეყნისთვის ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთი აღმოჩნდა, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ამ ინიციატივას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აპრილში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა. უკრაინის მხარემ საუბარი შეაფასა, როგორც “ორივე მხრიდან პოზიტიური დინამიკის მქონე დიალოგი”.
ერთ-ერთმა დიპლომატმა Politico-ს უთხრა, რომ, მისი აზრით, ვიქტორ ორბანს, უნგრეთის პრეზიდენტს, სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხი მალე მოიხსნას დღის წესრიგიდან, რათა ხელი არ შეეშალოს 9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში. დიპლომატი ამბობს, რომ ამ ხედვას ბრიუსელში სხვა ოფიციალური პირებიც იზიარებენ.
კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი ახლა ევროკავშირის ლიდერების მიერ მთავრობათაშორის კონფერენციებზე უკრაინასთან ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებაა, ამისთვის კი ევროკავშირის ქვეყნები მოლაპარაკებების ე.წ. ჩარჩოზე უნდა შეთანხმდნენ. უკრაინა და მისი მომხრეები ბრიუსელსა და კიევს შორის მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარებას მოითხოვენ, სანამ უნგრეთი 1 ივლისს ევროსაბჭოს გარდამავალი პრეზიდენტის სტატუსს მიიღებს.