გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ 72 წლის ჰაინრიხ XIII-ს (როისის პრინცი) ასამართლებენ. მასთან ერთად საქმეში კიდევ 8 პირი ფიგურირებს. სასამართლო პროცესი ქალაქ ფრანკფურტში დღეს დაიწყება.
გერმანიის ფედერალური მთავრობის ცნობით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ან მისი მხარდამჭერები არიან. ბრალდებულებს შორის ყოფილი სამხედროები და ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის ყოფილი წევრიც არიან.
პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულები ექსტრემისტული მოძრაობა რაიხსბიურგერის (რაიხის მოქალაქეები) წევრები არიან. მათი მტკიცებით, შეთქმულთა გეგმები გერმანიის პარლამენტის შტურმით აღებას, პარლამენტის წევრთა დაპატიმრებასა და კანცლერის, ოლაფ შოლცის მკვლელობას, შემდეგ კი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად ჰაინრიხ XIII-ის დანიშვნას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ექსტრემისტებს ბუნდესტაგში შეჭრის კონკრეტული თარიღი სავარაუდოდ არჩეული არ ჰქონდათ და მას X დღედ მოიხსენიებდნენ. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებს შორის საუბარი იყო იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის სიკვდილი შესაძლოა “ნიშანი” ყოფილიყო.
გერმანიის გენერალური პროკურორის თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჰაინრიხ XIII-ს გარშემო დაახლოებით 2021 წლის ნოემბრის ბოლოს შეიკრა. ჯგუფს ჰყავდა საბჭო, რომელიც გადატრიალების შემთხვევაში მმართველი ორგანო იქნებოდა და ზოგიერთი წევრი უკვე დანიშნული იყო მინისტრის როლზე.
აღნიშნული პირები გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 2022 წლის დეკემბერში, ანტიტერორისტული რეიდების დროს დააკავეს. შეთქმულების მონაწილეებს დაახლოებით 500 000 ევრო და სხვადასხვა ტიპის ათობით იარაღი ამოუღეს. ბრალდებულებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.