ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა, ის მრავალი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სასწავლებელი იყო და მდიდარი ისტორიით ხასიათდება. შესაბამისად, სკოლა XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა.
სულ მალე კი ამ სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება – მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელიც მოსწავლეებს შემეცნებისთვის, განათლებისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფს.
თუმცა, სანამ სკოლის მდიდარი გამოცდილებისა და თანამედროვე სივრცის ურთიერთგადაკვეთაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდეთ, სკოლის ისტორიას მოგიყვებით.
სამი საუკუნის ამბავი
ქუთაისის პირველი სკოლა სამ საუკუნოვან ისტორიას აერთიანებს. მისი ამბავი ჯერ კიდევ 1830 წლიდან იწყება. მაშინ, ქუთაისში საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი დაარსდა, სულ რაღაც 20 წელიწადში, 1850 წელს კი ის ქუთაისის გუბერნიის შექმნის გამო ჯერ გიმნაზიად, შემდეგ კი 1879 წელს კლასიკურ გიმნაზიად გადაკეთდა. XX საუკუნის დასაწყისში კლასიკური გიმნაზია გაუქმდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, XXI საუკუნის დასაწყისამდე მრავალგზის იცვალა სახე. 2005 წლიდან კი ის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის სახელით ფუნქციონირებს.