ევროსაბჭოს ექსპერტები: კანონი სრულად შეუსაბამოა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან

ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო რუსულ კანონზე დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ “არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება”.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონში არის ასპექტები, რომლებიც გაურკვეველია, კერძოდ, განიხილება თუ არა სესხი შემოსავლად. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი საკითხების მოგვარებაც კი არ იქნება საკმარისი კანონის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
როგორც საბჭო წერს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ არსებობს იმ სუბიექტების გამჭვირვალობის საჭიროება, რომლებსაც კანონი ეხება, ის მაინც შეუსაბამო, რადგან შეზღუდვები გავლენას მოახდენს გაერთიანებების თავისუფლებაზე, რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
“კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები განურჩევლად მოქმედებს სუბიექტებზე. დამატებით, კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული შემოსავლის სავარაუდო ჩართვა აშკარად თვითნებურია, რადგან სუბიექტები ვერ გაექცევიან რეგისტრაციის ვალდებულებას მაშინაც კი, თუ შემდგომში უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი მათი მთლიანი შემოსავლის 20%-ზე ნაკლები იქნება.
კანონი რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის ვალდებულებას აწესებს მაშინაც, როდესაც შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება შესაძლოა გამოქვეყნდეს ამა თუ იმ სუბიექტის ვებგვერდზე, რასაც ისინი უკვე აკეთებენ.
ამავდროულად, კანონის არაერთი დებულება ავალდებულებს სუბიექტებს, გასცენ პერსონალური ინფორმაცია, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასა და უცხო ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავლებთან.
ასევე, კანონი აწესებს მონიტორინგის უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებიც ძალიან ფართოა და გავლენას მოახდენს ყველა სამოქალაქო ორგანიზაციაზე – არა მხოლოდ მათზე, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარები არიან. ეს მონიტორინგი ზედმეტად ინვაზიური იქნება მისი დიაპაზონითა და სიხშირით.
ამასთან, კანონი აწესებს ჯარიმებს, რომელთა ოდენობაც აშკარად გადაჭარბებულია მისი რეგულაციისთვის.
ამდენად, კანონის მოთხოვნათა არაპროპორციული ხასიათი აუცილებლად გამორიცხავს მათ დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის.
ეჭვის ქვეშ დგას კანონის მიზნის ლეგიტიმურობა, რადგან მისი დებულებები ვერ ამყარებს მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ შემოსავლის წყაროს მიხედვით, მიუხედავად მათი საქმიანობისა.
მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით იმის მტკიცება, რომ სუბიექტი ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს, აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების გაუმართლებელ სტიგმატიზებას. მსგავსი რამ არ არის გამართლებული, რადგან ის უგულებელყოფს ამ საქმიანობის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონსა და კონსტიტუციასთან, ასევე იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც თავად საქართველომ აიღო”. – წერია ანგარიშში.
ანგარიშის შემაჯამებელ ნაწილში აღნიშნულია, რომ არ არსებობს ამ კანონის გამართლების გზა, რომლის შედეგადაც ის შეიძლება განიხილებოდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.