„უკან გადადგმული ნაბიჯია“ — დოლიძე ცესკოს გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებაზე

„სამართლიანი ს“ (ISFED) დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი მორიგი ცვლილებები მმართველმა გუნდმა კონსულტაციების გარეშე დააინიციირა.
როგორც ნინო დოლიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ნებისმიერი საარჩევნო ცვლილების ინიციირებამდე, მასზე ფართო დისკუსია უნდა წარიმართოს როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საერთოდ აღარ არის ასეთი ტიპის დისკუსიები ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში თვითონ პროცესისთვის არის ძალიან ცუდი, თუმცა მიმდინარე პროცესების ფონზე უკვე არაფერი გვიკვირს,“ — აცხადებს ნინო დოლიძე.
რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, ნინო დოლიძის თქმით, საკონსულტაციო ჯგუფმა, რომლის გაუქმებასაც მმართველი გუნდი აპირებს, წინა არჩევნებზე არ იმუშავა.
თუმცა მისი თქმით, მმართველ პარტიას საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების ნაცვლად, მისი მუშაობის გაუმჯობესებაზე უნდა ეფიქრა.
საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგებოდა.
„რაც შეეხება საკონსულტაციო ჯგუფს, ეს ცვლილება თავის დროზე შევიდა შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ [კოდექსში] და მისი სულისკვეთება იყო ის, რომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მსჯელობისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს გათვალისწინებული ყოფილიყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხედვა და უფრო ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი ყოფილიყო. თუმცა 2021 წელს, სამწუხაროდ, ამან ვერ იმუშავა წარმატებით, რადგან თავად ამ საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას. ისეთი ორგანიზაციების უმრავლესობით იყო დაკომპლექტებული, რომელთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა შეკითხვები. მაშინ ჩვენ, „სამართლიანმა არჩევნებმა“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად დავტოვეთ საკონსულტაციო ჯგუფი. თუ კარგად იმუშავებდა, რა თქმა უნდა, ეს მექანიზმი კარგი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, წინა არჩევნების დროს ცუდი გამოცდილება გვქონდა,“ — აცხადებს ნინო დოლიძე.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება, ნინო დოლიძე მას ნეგატიურად აფასებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
„კვორუმის დაწევა გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით უკან გადადგმული ნაბიჯია. ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს რაც უფრო მაღალია ხმათა უმრავლესობა, უფრო მაღალია გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციაც და სანდოობაც. მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ ცესკო დაკომპლექტებულია როგორც პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე პროფესიული წევრებისგან, კოლეგიური ორგანოა და გადაწყვეტილებები მიიღება ერთად უმრავლესობით. ამიტომ მაღალი კვორუმის ყოველთვის უკეთესია. ამიტომ, კვორუმის დაწევა უკან გადადგმული ნაბიჯია. უფრო დაბალი კვორუმი იძლევა შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილებები ერთი პარტიის სასარგებლოდ იქნას მიღებული,“ — აცხადებს ნინო დოლიძე.
როგორც ნინო დოლიძე ამბობს, საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას შესაძლოა, არჩევნების სანდოობაზე რაიმე ტიპის პირდაპირი გავლენა არ ჰქონდეს, რადგან წინა არჩევნებზე ფაქტობრივად ვერ იმუშავა, თუმცა კვორუმის დაწევა ცესკოს გადაწყვეტილებების სანდოობაზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს.
„რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღებას, ამან შესაძლოა იმოქმედოს. ცესკო ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებები ყველა მხრიდან დადასტურებული იყოს. ამიტომ ამან შეიძლება, რომ ნეგატიური გავლენა იქონიოს მის ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ორი მესამედის კვორუმით უფრო სანდო იქნებოდა,“ — განაცხადა ნინო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით