„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე დავუბრუნდე პროტესტს“ — ნაცემმა ქაცარავამ კლინიკა დატოვა

დავით ქაცარავამ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ანტირუსულ აქციაზე პოლიცია დაკავების შემდეგ სასტიკად გაუსწორდა, კლინიკა დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას ის ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად მალე დაუბრუნდება ქუჩაში ანტირუსულ პროტესტს და საოკუპაციო ხაზს.
„ჰემატომა გაწოვილია, მაგრამ ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ, ე.წ. სპეცრაზმელები, რადგან მათ სპეცრაზმთან არაფერი კავშირის არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან. იყო მცდელობა ჩემი გაგუდვის, რაც საკმაოდ ბრუტალური იყო. ეს ხდებოდა უკვე იმ ბოლო ცემის დროს, როცა ყველაზე ბრუტალურად და სასტიკად გამისწორდნენ ეს ჯალათები.
ახლა აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ იქიდან სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე ოკუპაციის ხაზს და პროტესტს ქუჩაში. ზუსტად ვიცი, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ,“ — ამბობს ქაცარავა კლინიკიდან გამოსვლისას.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქაცარავა პირდაპირ ეთერში, იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციელებთან კომუნიკაციას ცდილობდა. რამდენიმე პოლიციელი კორდონიდან გამოვარდა და აქტივისტი, რომელიც მათ ესაუბრებოდა, ძალით შეათრიეს თავის რიგებში.
დაკავების მომენტში მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ცოლს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერაციამდე გადაღებულ ფოტოშიც ჩანდა მძიმე დაზიანებები, რაც მას მიაყენეს.
დავით ქაცარავამ კლინიკაში ყოფნისას თქვა, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში, სცემეს ხელთათმანებით, რომელსაც გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. შემდეგ გადაუღეს სურათები და მისი თქმით, სავარაუდოდ დამკვეთებს გადაუგზავნეს.
ქაცარავა არ არის ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების განმავლობაში სცემეს პოლიციელებმა აქციაზე, ან ნიღბიანმა ე.წ. ტიტუშკებმა სახლებთან ჩასაფრების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ