„მოველით, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები შეაჩერებენ საჯარო სექტორის დაფინანსებას“ – Bankwatch რუსულ კანონზე

არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ქსელის, Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ მარტინი საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის წევრ სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მარკ მარტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ Bankwatch-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ვითარების გაუარესების შესახებ განგაში ატეხა. მარტინის განცხადებით, მათი მიზანია, მათი მონიტორინგის ქვეშ მყოფი საერთაშორისო ინსტიტუტების გაფრთხილება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ყირგიზეთში უკვე მიიღეს კანონი„უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ ვითარება უარესდება, ანალოგიური კანონის დამტკიცების მოლოდინშია საქართველოც.“ – წერია Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.
მარკ მარტინი აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტის პასუხად მთავრობა მზარდ რეპრესიულ მიდგომას ატარებს. ასევე, ხაზს უსვამს, რომ აფასებს EBRD ის პრეზიდენტის, ოდილე რენო ბასოს-ს განცხადებებს, რომელშიც მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, მას მეტის მოლოდინი აქვს.
„თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, ჩვენ ველით, რომ EBRD, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ისეთთან, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, ასევე, ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ როგორც სახელმწიფო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისე ნებისმიერი კერძო კომპანიის დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან”.
Bankwatch-ის გამოცდილებით, ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას რისკების შემცირებისთვის, კორუფციის არიდებისთვის, საჯარო თანხების ბოროტად გამოყენების შემცირებისა და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის.
შესაბამისად, განვითარების ბანკების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებისა და მდგრადობისთვის”. – ნათქვამია Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.
Bankwatch მსოფლიოს 15 ქვეყნის ორგანიზაციებს აერთიანებს და მიზნად ისახავს საჯაროდ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგსა და ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი ალტერნატივების ხელშეწყობას.